საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი პარლამენტისა და მთავრობის წინააღმდეგ სარჩელს განიხილავს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი პარლამენტისა და მთავრობის წინააღმდეგ სარჩელს განიხილავს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დღეს პარლამენტისა და მთავრობის წინააღმდეგ სარჩელს განიხილავს, რომელშიც მოქალაქეები შერმაზანაშვილი და ართქმელაძე მოითხოვენ, არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის დეკრეტი და ამ პერიოდში პრეზიდენტის მხრიდან მთავრობისთვის ცალკეული უფლებების დელეგირება.

მოსარჩელის შეფასებით, პრეზიდენტის დეკრეტის თანახმად საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის ვადით მიენიჭა რიგი უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა, ასევე დადგინდა პასუხისმგებლობა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის. უფლებამოსილების დელეგირების საფუძველზე კი, საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებულ იქნა, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის ადგილზე შეფარდების წესი, ასევე აიკრძალა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია და 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუცია საგანგებო მდგომარეობისას ითვალისწინებს კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოცემული პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე, რომელიც საჭიროებს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებას. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ საგანგებო მდგომარეობისას უფლების შეზღუდვის არსი და ფარგლები დადგენილი უნდა იყოს თავად პრეზიდენტის დეკრეტით და დაუშვებელია, საქართველოს მთავრობისათვის იმგვარი უფლებამოსილების მინიჭება, რომ მან საკუთარი შეხედულებისამებრ შემოიღოს ამა თუ იმ უფლების შემზღუდველი რეგულაცია.

დამატებით, მოსარჩელე მხარე მოითხოვს, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე შეკრების უფლების აკრძალვის არაკონსტიტუციურად ცნობას, რამდენადაც შეკრების უფლების აკრძალვა სცდება უფლების შეზღუდვის ფარგლებს და უთანაბრდება უფლების შეჩერებას.

მოსარჩელეები ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ მათივე შეფასებით, საგანგებო სიტუაციის დროს არ მოხდა შრომითი ანაზღაურების რეგულირება თუნდაც ექიმებისთვის. ერთ-ერთი მოსარჩელე კი, 3 000 ლარით მხოლოდ იმიტომ დაჯარიმდა, რომ იგი 21:00 საათის შემდეგ წვიმაში მეზობელს გადაადგილებაში დაეხმარა.

სასამართლოს პლენუმი დღეს დასკვნით სიტყვებს მოისმენს.