გურამ მაჭარაშვილი - სამ მოსამართლეს დავალება ჰქონდათ, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის მხარი არ დაეჭირათ
გურამ მაჭარაშვილი - სამ მოსამართლეს დავალება ჰქონდათ, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის მხარი არ დაეჭირათ

ყველამ კარგად დაინახა, ამ სამ მოსამართლეს თავიდანვე ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ მხარს არ დაუჭერდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, მოსამართლეს არავინ ეკითხება, კონსტიტუციაში პრეზიდენტს რა უფლებამოსილებას მისცემენ, ვალდებულია, დაადგინოს, პრეზიდენტმა დაარღვია თუა რა კონსტიტუცია.

„ყველამ კარგად დაინახა, ამ სამ მოსამართლეს თავიდანვე ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ მხარს არ დაუჭერდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. როცა მოსამართლე ჩვენს წარმომადგენელს ეკითხება, აბა პრეზიდენტმა რაღა უნდა აკეთოსო, ეს იმას ნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ამ მოსამართლეებს უკვე გაყიდული ჰქონდათ, როგორც გადაწყვეტილება, ასევე თავიანთი პროფესიონალიზმი. მოსამართლეს არავინ ეკითხება, კონსტიტუციაში პრეზიდენტს რა უფლებამოსილებას მისცემენ, ვალდებულია, დაადგინოს, პრეზიდენტმა დაარღვია თუა რა კონსტიტუცია. მათ უკვე დავალება ჰქონდათ, რომ ამ გადაწყვეტილებისთვის მხარი არ დაეჭირათ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილებას პლენუმის წევრი ცხრა მოსამართლიდან სამმა, ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა მხარი არ დაუჭირა.