საქართველოს პირველმა არხმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განთავსება დაიწყო
საქართველოს პირველმა არხმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განთავსება დაიწყო

საქართველოს პირველმა არხმა 13 აგვისტოდან დაიწყო 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად, უფლებამოსილი პარტიებისთვის გამოყოფს ყოველ საათში 5 წუთს, ყოველ 3 საათში თანაბრად და არადისკრიმინაციულად  თითოეული უფლებამოსილი პარტიის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა განთავსდება იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს, ხოლო კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის გარდა, სხვა პარტიის წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განთავსების მიზნით გამოიყოფა ყოველ საათში 5 წამი თითოეული სუბიექტისთვის და ყოველ 3 საათში თანაბრად და არადისკრიმინაციულად თითოეული პარტიის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა განთავსდება იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი პარტიისთვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 15 წამს არ აღემატებოდეს.

2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია განთავსებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 1tv.ge, ასევე სპეციალურად შეიქმნება ვებპლატფორმა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში სისტემატურად განახლდება.

13 აგვისტოს მონაცემებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უკვე მომართა 8 უფლებამოსილმა პარტიამ და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისათვის უკვე სარგებლობენ უფასო დროით პირველი არხის ეთერში, მათ შორის, მხოლოდ ერთმა სუბიექტმა გამოთქვა სურვილი მისთვის გამოყოფილი უფასო დრო საქართველოს რადიოს ეთერშიც აეთვისებინა.