საქართველოს მთავრობა პარლამენტში ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიას დღეს წარადგენს
საქართველოს მთავრობა პარლამენტში ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიას დღეს წარადგენს

საქართველოს მთავრობა პარლამენტში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიას დღეს შეიტანს.

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, კანონპროექტში თავდაპირველი ვერსიიდან განსხვავებით, არის მთელი რიგი ცვლილებები, მათ შორის, ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9.5%-დან გაზრდილია 10%-მდე და მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალურ გამოსახულებაში აღწევს 65 მლრდ ლარს.

„2022 წლისთვის ეკონომიკური ზრდა შენარჩუნებულია 6%-ის ოდენობით. დეფიციტი ასევე შენარჩუნებულია 4.4%-ის ნიშნულზე. მთავრობის ვალი 52.2 %-ია. არის საინტერესო ცვლილებები ასიგნებების ნაწილში და მთელი რიგი მხარჯავი სუბიექტების მიმართებაში გვაქვს დაფინანსებების ზრდა. გადამუშავებულ ვერსიაში გათვალისწინებულია პირველადი ვერსიის განხილვის პროცესში პარლამენტში გამოთქმული შენიშვნების და წინადადებების ნაწილი”, – აცხადებს კოვზანაძე.

მისივე თქმით, მომავალ კვირაში, კომიტეტის სხდომაზე დეტალურად იქნება განხილული სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის გადამუშავებულ ვერსია.

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას გამოთქმული შენიშვნების ამსახველ სტენოგრამასთან ერთად არაუგვიანეს 20 ნოემბრისა ეგზავნება საქართველოს მთავრობას.

საქართველოს მთავრობა კი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს და მის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვერსიას პლენარულ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით, არა უგვიანეს 30 ნოემბრისა, წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის არაუგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი მიიღება საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ერთი მოსმენით.