2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეული და საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონი ოფიციალურად გუშინ გაიხსნა. გერმანულენოვანი აუდიტორიის ფოკუსში ქართული პროგრამა კონცეფციით Georgia Made by Characters-ანბანით მოთხრობილი საქართველო წარდგა, რომელიც ერთი მხრივ, უნიკალურ ქართულ ანბანსა და უნიკალურ დამწერლობას, მეორე მხრივ კი ქართულ ხასიათებსა და პერსონაჟებს ეფუძნება. საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.
14 ოქტომბრამდე ფრანკფურტში საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი დატვირთული ლიტერატურული და კულტურული პროგრამით წარდგება. საქართველოს პავილიონში, საქართველოს ეროვნულ და თემატურ სტენდებზე, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის 20-მდე სცენაზე, ათობით ლიტერატურულ და კულტურულ სივრცეში ქართველი ავტორებისა და არტისტების სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის ასობით ღონისძიება გაიმართება.
საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის გახსნის ცერემონიალი, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის ოფიციალური გახსნის შემდეგ გაიმართა. პავილიონი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ქართველ და უცხოელ სტუმრებთან ერთად გახსნეს. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ესწრებოდა.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის ქართული პროგრამა პავილიონში ცნობილი ქართველი პიანისტის ხატია ბუნიათიშვილის შესრულებით გაიხსნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, უნიკალური ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი, რომლის ყდაც საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა მოქანდაკემ, გუჯი ამაშუკელმა მოჭედა, ვიდრე ნიუ იორკში გაეროს არტ-კოლექციაში დაიდებს ბინას, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამოიფინა, როგორც ქართული კულტურის უნიკალური ნიმუში.
საქართველოს პავილიონი, პროექტის ძირითად კონცეფციაზე დაყრდნობით, სამხატვრო ხელმძღვანელმა, დიზაინერმა გია ბოხუამ შექმნა. მისი პროგრამა შინაარსობრივად მრავალფეროვანი და ინტერაქტიულია. 14 ოქტომბრამდე, პავილიონში მოწყობილ ორ სცენაზე 72 ქართველი ავტორი უცხოელ მკითხველს შეხვდება და ქართულ ლიტერატურას გააცნობს, გაიმართება დისკუსიები და ლიტერატურული კითხვები. პავილიონში ასევე მოწყობილია სხვადასხვა თემატიკის რამდენიმე სივრცე, სადაც უცხოელ ვიზიტორებს საშუალება აქვთ, გაეცნონ ქართულ ლიტერატურას და კულტურას, მოუსმინონ ქართულ ხმოვანებას, დაათვალიერონ მაგნუმის ცნობილი ფოტოგრაფების გამოფენა თბილისის შესახებ, პავილიონში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში გამოფენილია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გამოცემული ქართული ლიტერატურის 300-მდე უცხოენოვანი თარგმანი-გამოცემა, ასევე უცხოელი გამომცემლების მიერ სხვადასხვა ენაზე საქართველოს შესახებ გამოცემული 600-მდე წიგნი.
მულტიმედიურ სივრცეში დამთვალიერებელი სპეციალური ვიდეორგოლების საშუალებით იხილავს თანამედროვე ქართველი ავტორების მიერ გამოხატულ სხვადასხვა ემოციას. პავილიონის სტუმრებს საშუალება ექნებათ, სპეციალურ ღია ბარათებზე ქართული ასონიშნები დაიტანონ და მათთვის სასურველი მინაწერები გააკეთონ. ყოველი დღის ბოლოს ქართულ პავილიონში მასშტაბურ ლიტერატურულ პროგრამასთან ერთად, საინტერესო და ორიგინალური მუსიკალური და კულინარიული პროგრამა იქნება წარმოდგენილი. პავილიონის სტუმრებს საკუთარ შემოქმედებას ბექა გოჩიაშვილის ჯაზ ბენდი, ნიკა მაჩაიძე და ნატალია ბერიძე, დიჯეი გიგი ჯიქია და Masterknot და ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები გააცნობს.
საპატიო სტუმარი ქვეყნის კვირეულის ლიტერატურული პროგრამა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე პროექტის ლიტერატურული სპიკერების აკა მორჩილაძისა და ნინო ხარატიშვილის გამოსვლით დაიწყო. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, მხოლოდ კვირეულში, 72 ქართველი ავტორის 350 ლიტერატურული ღონისძიებაა დაგეგმილი. ქართული ლიტერატურა უცხოელი მკითხველის წინაშე 33 ჟანრობრივად მრავალფეროვანი სერიით წარდგება. ქართველი კლასიკოსი და თანამედროვე მწერლების გერმანულენოვან თარგმანების კითხვა-პრეზენტაციები საქართველოს პავილიონში, ბაზრობის სხვადასხვა სივრცესა და სცენაზე და ფრანკფურტის ლიტერატურულ ინსტიტუციებსა და კაფე-სალონებში, ბიბლიოთეკებსა და წიგნის მაღაზიებში, ყველა მნიშვნელოვან ლიტერატურულ ფესტივალზე გაიმართება. კვირეულის განმავლობაში, ქართველ ავტორებს აკა მორჩილაძეს, ნინო ხარატიშვილს, ლაშა ბუღაძესა და ნანა ექვთიმიშვილს მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიტერატურულ პლატფორმაზე „Das Blaue Sofa“ ყოველდღიურად უმასპინძლებენ.
პროექტის ფარგლებში ბაზრობის ტერიტორიაზე სხვადასხვა თემატურ დარბაზებში მოეწყობა სხვადასხვა შინაარსის ქართული სტენდები, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული საგამომცემლო და სამეცნიერო პროგრამები, საბავშვო ლიტერატურა, ახალგაზრდა ილუსტრატორების გამოფენები, ინოვაციური პროექტები. მოეწყობა ტურიზმის ადმინისტრაციის, ღვინის სააგენტოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურეობის სამინისტოს სტენდები.
საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილია 100-ზე მეტი კულტურული და 500-მდე ლიტერატურული აქტივობა. საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის საშემოდგომო პროგრამა დატვირთულია ლიტერატურული, საგამოფენო, მუსიკალური, კინოსა და თეატრალური ღონისძიებებითა და კულინარიული შოუებით.
ფრანკფურტის წამყვანი კულტურული ინსტიტუციები და სივრცეები უმასპინძლებენ 11 გამოფენას სადაც წარმოდგენილი იქნება, როგორც არქეოლოგიური ხანის ექსპონატები, ასევე თანამედროვე ქართული ხელოვანების შემოქმედება, ფოტო გამოფენები. მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამის ფარგლებში ბაზრობის კვირეულის დროს ფრანკფურტის ცნობილი საკონცერტო სივრცეები და ფესტივალები უმასპინძლებენ მსოფლიოში სახელგანთქმულ ქართველ მუსიკოს-შემსრულებლებს, მათ შორის ლიზა ბათიაშვილს, ბექა გოჩიაშვილს, ნიკოლოზ რაჭველს და ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, გორის ქალთა კამერულ გუნდს და სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდს.
ფრანკფურტის გერმანიის კინომუზეუმში კი ნაჩვენები იქნება 20-მდე ქართული ფილმი, როგორც ქართული კინოს კლასიკა, ასევე თანამედროვე ეპოქაში წარმოებული და საერთაშორისო ფესტივალებსა და ფორუმებზე წარმატებული ქართული ფილმები. ფრანკფურტის, კარლსრუესა და მარბურგის წამყვან თეატრალურ სივრცეებში წარმოდგენილი იქნება ქართული თეატრალური დასების 14 სპექტაკლი.
2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის კონცეფცია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დაკვეთით მარკეტინგულმა კომპანიამ connect 2016 წელს შექმნა. კონცეფციის – ანბანით მოთხრობილი საქართველო-Georgia Made by Characters ტექსტის ავტორი თანამედროვე მწერალი აკა მორჩლაძეა, ხოლო ბრენდინგი გია ბოხუას, კახა კახაძეს და თაკო ჭაბუკიანს ეკუთვნის. ამ კონცეფციის იდეის მიხედვით ცენტრისა და JWT Metro-ს თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ცნობილი ანიმაციური ვიდეორგოლი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას ქართული ანბანის 33 ასონიშნით აცნობს საქართველოს ისტორიას, კულტურასა და ლიტერატურას.