ქართული ლიტერატურის ევროპული ამბავი - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მთავარი შედეგები
ქართული ლიტერატურის ევროპული ამბავი - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მთავარი შედეგები

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა დამთავრდა, თუმცა ეს მოვლენის ერთი მხარეა. „ქართული ლიტერატურის ევროპული ამბავი სწორედ ფესტივალის დასრულების შემდეგ იწყება“, – ასეთია იმ მწერლების შეფასება, რომლებიც ვაკის მედიათეკაში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შედეგებზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.

შეხვედრა თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების ინიციატივით გაიმართა და მასში წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და წიგნის ეროვნული ცენტრი მონაწილეობდა. შეხვედრას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მონაწილე ავტორებთან ერთად, სხვა დაინტერესებული პირებიც დაესწრნენ.

“ეს მართლა წარმოუდგენელი იყო, პირველი დღეები სრულ ეიფორიაში ვიყავი”, – ასე აფასებს ფრაკნკფურტში გატარებულ დღეებს ქართველი მწერალი დიანა ანფიმიადი. მისი თქმით, არსებობდა შიშის მომენტი, რომ სამხრეთული ტემპერატურის, ცოტა თავმოუბმელობის გამო ღონისძიება კარგი არ გამოვიდოდა, თუმცა, საბედნიეროდ, ეს შიშები არ გამართლდა.

“დავდიოდი და არ მჯეროდა. ჩვენ თავს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. ძალიან ბევრი ქვეყანაა ჩვენზე მეტი გამოცემული წიგნებით, რომლებსაც მთავარი სტუმრის სტატუსი არ ჰქონიათ”, – ამბობს დიანა ანფიმიადი.

მისი თქმით, საქართველო გერმანიაში კიდევ ერთხელ აღმოაჩინეს.

“გერმანულ პრესაში დღეში რამდენიმე სტატია იწერება და ყველა მათგანი საქართველოს ლიტერატურულ პოტენციალზე საუბრობს. მე ღონისძიებაზე რამდენიმე ჟანრში ვიყავი წარმოდგენილი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი ფაქტი იყო, სცენაზე ბესიკ ხარანაულთან ვიჯექი, ამაზე მეტი რა უნდა გინდოდეს ავტორს“, – ამბობს დიანა ანფიმიადი და წიგნის ბაზრობაზე საუბარს დათო გორგილაძესთან აგრძელებს.

“ქართული ლიტერატურისთვის გზა გაიხსნა და ეს პრესის იდეალური გამოხმაურებითაც დასტურდება. ბაზრობის დახურვასთან ერთად თემა არ დაიხურა, ქართველი მწერლები აგრძელებენ გერმანულენოვან და ევროპულ სამყაროში მოგზაურობას. ქართული კულტურა სრული მასშტაბით წარდგა, ანშლაგი იყო – დაწყებული თეატრალური ხელოვნებით, დამთავრებული კულინარიით. ევროპა ქართული კულტურით კიდევ ერთხელ დაინტერესდა”, – ჰყვება პირველ არხთან მწერალი და პირველი არხის დილის გადაცემის წამყვანი დათო გორგილაძე.

მწერალ დათო გორგილაძის თქმით, არსებობს შემთხვევები, როდესაც ქვეყნები მთავარი სტუმრის სტატუსს ვერ იყენებენ, ასეთ დროს ისინი დიდი ხნით დავიწყებას მიეცემიან ხოლმე. ეს ფორმულა საქართველოზე არ მოქმედებს, რადგან პატარა ქვეყანამ კავკასიიდან საკუთარი შანსები გამოიყენა.