16-20 ოქტომბერს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით წარდგება
16-20 ოქტომბერს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით წარდგება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 16-20 ოქტომბერს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით წარდგება.

შარშან, 2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგა. წარმატებული პროექტის შემდეგ, წელს საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო განახლებული სლოგანით მიემგზავრება – Follow the Journey of Georgian Characters.

ბაზრობაზე მისულ უცხოელ დამთვალიერებელს საქართველოს აღმოჩენა სამ სხვადასხვა სივრცეში შეეძლება: საქართველოს ეროვნული სტენდი (Hall 5.0, B100); გამოცემული და გამოუცემელი ქართული საბავშვო წიგნების სტენდი (Frankfurt Kids Foyer 5.1/6.1); Spend 4 Seasons in Georgia (Hall 3.1 K126).

პროექტის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი მწერლებისა და გამომცემლების მონაწილეობით, საქართველოს ეროვნული სტენდის სცენაზე GEORGIAN CHARACTERS და ბაზრობის სხვა სივრცეებში დაგეგმილია ოცამდე ლიტერატურული და ბიზნეს ღონისძიება. ათამდე ქართული გამომცემლობა ხუთი დღის განმავლობაში უცხოელ გამომცემლებს სხვადასხვა ფორმატში ქართულ ლიტერატურას გააცნობს. ბაზრობის მეორე დღეს კი, საქართველოს ეროვნული სტენდი ტრადიციულად უმასპინძლებს საზეიმო მიღებას, რომელსაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორები და მსოფლიო საგამომცემლო სფეროს პროფესიონალები დაესწრებიან.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო მწერალთა სახლისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით წარდგება.