საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხს კენჭი უყარა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხს კენჭი უყარა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე, სადაც მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში კვოტების განსაზღვრის საკითხს განიხილავდნენ კამათი იყო.

ეკა ბესელიას განცხადებით, დამოუკიდებელ დეპუტატებს ისეთ მნიშვნელოვან დელეგაციებში, როგორიცაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა კვოტები არ აქვთ, რაც უსამართლო გადანაწილებაა.

„პროპორციულად უფრო მეტი აქვთ დათმობილი ხელოვნურად გაყოფილ ფრაქციებს, რაც რაოდენობრივი და პროპორციის თვალსაზრისით არის სრულიად უსამართლო. აქეთ 17 დეპუტატია, რომელსაც ამ სამ ძირითად დელეგაციაში არც ერთ კვოტას არ აძლევთ და ერთ ფრაქციას „ქართულ ოცნებას“ აქვს ექვსი კვოტა ევროსაბჭოს დელეგაციაში, ექვსი კვოტა აქვს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტში და ა.შ. საერთო არ არის დაცული პროპორციულობის პრინციპი. ლოგიკას ვერ ვხედავ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, 10 დელეგაციაში ჯამში არსებობს 53 ძირითადი და 43 სათადარიგო კვოტა, სადაც ფრაქციები და დამოუკიდებელი დეპუტატები პროცენტების მიხედვით ნაწილდებიან. გურმა მაჭარაშვილის თქმით, დამოუკიდებელ დეპუტატებს ექვსი კვოტა აქვთ და ისინი ყველა დელეგაციაში ვერ მოხვდებიან.

„პრინციპი არის ის, რომ რომელ ფრაქციას ან რომელ დამოუკიდებელ დეპუტატს აქვს პროცენტი 150 დან, ამ შემთხვევაში 149-დან, იმ პროცენტულობის მიხედვით არის შედგენილი სია. მაგალითად, „ქართულ ოცნებას“ თითქმის 40 % და 23 ადგილი ჰქონდა თავის დროზე. შემდგომ ეს ადგილები შემცირდა და დღეს აქვს 20 ძირითადი კვოტა. დეპუტატებს, რომლებიც არ არიან არცერთ ფრაქციაში გაერთიანებული, ჰქონდათ ოთხი ძირითადი და სამი სათადარიგო, ახლა გაუხდათ ექვსი ძირითადი, ანუ გაეზარდათ. სულ 10 დელეგაციაა. გაეზარდათ, მაგრამ ათივე დელეგაციაში, რომც მოინდომო, ბუნებრივად ვერ აითვისებ. ექვსს ათზე ვერ გავანაწილებ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა,

„საბავშვო ბაღში ხომ არ ვართ? პარლამენტში ვართ“ – ამ რეპლიკით უპასუხა გურამ მაჭარაშვილს ეკა ბესელიამ.

კამათის შემდეგ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხს კენჭი უყარა და მიიღო. მოგვიანებით კვოტების თემას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც პლენარულ სესიაზე დაამტკიცებენ.