საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებული კანონპროექტი განიხილა, რომელიც აღნიშნული უწყების უფროსის ხელშეუხებლობის გარანტიას ადგენს
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებული კანონპროექტი განიხილა, რომელიც აღნიშნული უწყების უფროსის ხელშეუხებლობის გარანტიას ადგენს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებული ცვლილება თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დგინდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტია. კერძოდ, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინასწარი თანხმობით.

გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. თუ საქართველოს პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს. ამ წინადადების საფუძვლიანობას ხუთი დღის ვადაში შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც წერილობით დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო საკითხს განსახილველად სვამს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით. ეს დადგენილება მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით. პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის დანაშაულზე წასწრების შემთხვევაში საკითხი განიხილება საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.

ცვლილებით ზუსტდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი, რომელიც უკავშირდება ბიუროს უფროსის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავებას ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელებას. ამასთანავე, უქმდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ის საფუძველი, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასა და სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებასთან.

ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ, თუ ბიუროს ხელმძღვანელი პირი ჩაიდენს  ნარკოდანაშაულს და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერ ძალაში შევა, ამისთვის არ იქნება გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ეს იქნება  მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი.

ცვლილებები, ასევე, ეხება ბიუროს ხელმძღვანელისთვის ბიუჯეტის განსაზღვრას და ფინანსური ხარჯების განკარგვის თავისუფლებას, თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და მამხილებლის დაცვის გაძლიერებას.

„ცვლილებების პაკეტი ორიენტირებული 9-პუნქტიანი გეგმის იმ ნაწილის შესრულებაზე, რომელიც უკავშირდება ანტიკორუფციულ ბიუროს შემდგომ გაძლიერებას და იმ გარანტიების შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს ამ სამსახურის კიდევ უფრო მეტ ეფექტიანობას“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.