საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ზურაბ ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე იმსჯელებს
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ზურაბ ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე იმსჯელებს

ზურაბ ჯაფარიძისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ.

როგორც ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, მანდატის დატოვების შესახებ მან თავად მიმართა საკანონმდებლო ორგანოს, მიზეზად კი 19 აპრილის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლას ასახელებს. ჯაფარიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის დოკუმენტის არც ერთი პუნქტი არ შეასრულა.

„როცა „ქართული ოცნება“ გამოვიდა და თქვა, რომ ისინი გადიან 19 აპრილის შეთანხმებიდან, ამ შეთანხმებაში ოპოზიციის მხარეს იყო ერთადერთი ვალდებულება, რომ ისინი შეასრულებდნენ იმ ხუთ პუნქტს და ამ შემთხვევაში ჩვენ შევდიოდით პარლამენტში. მათ დაარღვიეს ხუთივე პუნქტი. შესაბამისად, არანაირი ვალდებულება, რომ მე შემესრულებინა შეთანხმების ეგ ნაწილი, აღარ იყო. გამოვედი და ვთქვი, რომ მე მანდატს ვტოვებ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

რეგლამენტის მიხედვით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სამართლებრივი დასკვნა ბიუროს გადაეგზავნება, შემდგომ კი აღნიშნული საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა.

„ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტში თითქმის არავის უნახავს. შესაბამისად, მას ეზარებოდა პარლამენტში მუშაობა. არც კომიტეტზე, არც სხდომაზე ის არავის უნახავს. როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ პარლამენტის საქმიანობა შეწყვიტოს. რაც შეეხება პროცედურებს, განცხადების დაწერის შემდგომ, რეგლამენტის შესაბამისად, ჩვენ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე განვიხილავთ ამ საკითხს, რომლის შემდგომაც კომიტეტის სამართლებრივი დასკვნა გადაეგზავნება ბიუროს და პლენარულ სხდომაზე უკვე საბოლოოდ გადაწყდება ზურაბ ჯაფარიძის, როგორც დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.