უახლოეს დღეებში ძალიან მარტივად მოგვარდება, ის მცირე პრობლემები, რომლებიც არის საპარლამენტო უმრავლესობაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება.
„უახლოეს დღეებში იქნება ეს შეხვედრა, შეიძლება შაბათ-კვირასაც. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველამ უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე, უახლოეს დღეებში ძალიან მარტივად მოგვარდება ის მცირე პრობლემები, რომლებიც არის დღეს საპარლამენტო უმრავლესობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, არიან დეპუტატები, რომლებმაც დაუშვეს შეცდომები და საჭიროა, ეს ყველაფერი შეფასდეს.
„მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არიან დეპუტატები, აღარ მინდა გვარებზე საუბარი, რამდენიმე დეპუტატი, რომლებმაც დაუშვეს შეცდომები და ამ შეცდომებზე საუბარი არის მნიშვნელოვანი. საჭიროა ყველაფრის შეფასება და ამის საფუძველზე, მე ვფიქრობ, არის რესურსი ჯერ კიდევ ბევრ დეპუტატთან, იმისთვის, რომ გაგრძელდეს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის მათთან, რომლებმაც დაუშვეს შეცდომები“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მისი თქმით, რაც შეეხება დისციპლინის საკითხებს, გაიწერება კონკრეტული წესები, რომელიც თითოეულმა დეპუტატმა უნდა დაიცვას.