არჩილ თალაკვაძე - ჩვენი გუნდის დაყოფა ძველ და ახალ სახეებად არასწორია 
არჩილ თალაკვაძე - ჩვენი გუნდის დაყოფა ძველ და ახალ სახეებად არასწორია 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო უმრავლესობაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს სტრეს-ტესტს უწოდებს.

მისი თქმით, დეპუტატების მიერ წამოჭრილ საკითხებზე შიდაპარტიული კონსულტაციები უკვე დაწყებულია.

„ეს იყო სტრეს-ტესტი უმრავლესობისთვის, რომელსაც ჩვენ გუნდის გაძლიერებისთვის გამოვიყენებთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც უმრავლესობის ლიდერი აღნიშნავს, პარლამენტის თავმჯდომარე გუშინ შეხვდა ვიცე-სპიკერებს, პარლამენტის ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეებს.

„უახლოეს მომავალში გაიმართება უმრავლესობის სხდომა, სადაც ყველა დეპუტატს ექნება მონაწილეობის საშუალება. ქუთაისში სესიაზე დიდი ნაწილი არ იმყოფება, ამიტომ სხდომა ჩატარდება მაშინ, როდესაც სრული დასწრება იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება სხდომაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო მონაწილეობის საკითხს, თალაკვაძის თქმით, დაგეგმილია უმრავლესობის სხდომა, შესაბამისად, საკითხები მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში განიხილება.

„გადაჭარბებული მოლოდინებია ამ სხდომასთან დაკავშირებით. არასწორია წარმოჩენა, თითქოს ეს ერთი სხდომა იქნება, სადაც ყველაფერი მოგვარდება. პრობლემების გადაჭრა უკვე მიმდინარეობს. უმრავლესობის სხდომა იქნება კონსულტაციების შეჯამება“, – ამბობს არჩილ თალაკვაძე.

ამასთან, მისი თქმით, არასწორია გუნდის დაყოფა ძველ და ახალ სახეებად, მეცხრე მოწვევის პარლამენტს ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და აუცილებელია ამ პოტენციალის გამოყენება.

„არასწორია ჩვენი გუნდის დაყოფა ძველ და ახალ სახეებად. გუნდში არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომლის უკანაც დგას დიდი გამოცდილება, მეცხრე მოწვევაში ძალიან ძლიერი შემადგენლობა გვყავს, მნიშვნელოვანია, ეს პოტენციალი გამოვიყენოთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გადაიდო. არსებული ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომა დღეს აღარ ჩატარდება, მიზეზად საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხები სახელდება. უმრავლესობის სხდომა დღეს 21:00 საათზე, ქუთაისში, პარლამენტის სასახლეში იყო ჩანიშნული. სხდომის მოწვევის თაობაზე განცხადება გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.