ნუკრი ქანთარია - რა ითვლება დისციპლინურ დარღვევად, ფანჯრები არ უნდა ჩატეხო და ქალბატონებს თმები არ მოწიწკნო
ნუკრი ქანთარია - რა ითვლება დისციპლინურ დარღვევად, ფანჯრები არ უნდა ჩატეხო და ქალბატონებს თმები არ მოწიწკნო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის წევრების ქცევის კოდექსი ერთმა ადამიანმა არ უნდა დაწეროს და შესაბამისი ნორმები ერთობლივად უნდა მომზადდეს.

პირველ არხთან საუბარში ნუკრი ქანთარია პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ პირობები მომზადდება, ის ყველას უნდა შეეხოს.

„ეს პირობები იმას არ ნიშნავს, რომ ერთი კაცი სახლში დაწერს, მერე სუფთად გადაწერს, მოიტანს და ყველა გაიზიარებს. პირობები ერთობლივად უნდა შემუშავდეს და ამაში გასაკვირი არაფერია. ეს პირობები ყველას უნდა შეეხოს. თუ ამაზე შევთანხმდებით, როცა რამეზე თანხმდები, ბუნებრივია, ეს შეთანხმება უნდა დაიცვა და ასეც იქნება. ვფიქრობ, რომ ყველაფერი სასიკეთოდ წავა. დოკუმენტი ერთი კაცის მიერ ვერ მომზადდება და ამ თემაზე განხილვა იქნება. ყველაფრის ჩამოწერა შეუძლებელი იქნება, მაგრამ რა ითვლება დისციპლინურ დარღვევად – ფანჯრები არ უნდა ჩატეხო, ქალბატონებს თმები არ უნდა მოწიწკნო? საბავშვო ბაღში ხომ არ გადავალთ? დარწმუნებული ვარ, ძირითადი ნორმები იქნება, რაზეც უნდა შევთანხმდეთ, მაგრამ რა და როგორ, მომავალს დაველოდოთ“, – ამბობს ქანთარია.

დეპუტატი ირწმუნება, რომ პროცესი ნორმალურად მიდის და ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდება.

„განსხვავებულ აზრები და იდეები უნდა არსებობდეს, უმრავლესობა უმრავლესობისთვის არ უნდა იყოს და ყველა ამისთვის ვართ მოწადინებული. ყველას მიზანია, რომ გაჯანსაღებისკენ წავიდეთ და ამომრჩეველს ვემსახუროთ. უმრავლესობის აზრი გათვალისწინებული უნდა იყოს“, – დასძინა ქანთარიამ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ  აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მუშაობა ყველა დეპუტატთან, მაგრამ არსებობს გარკვეული პირობებიც. „ჩვენ გვქონდა შეხვედრა, რაზეც შევთანხმდით, რომ გაიწერება წესები და ამ წესებთან მიმართებით გვექნება შესაბამისი რეაგირების მექანიზმებიც. ასეთი წესები არსებობს ნებისმიერ დემოკრატიულ სისტემაში და ნებისმიერ დემოკრატიულ პარტიაში. იმისათვის, რომ დისციპლინა იყოს დაცული, საჭიროა, როგორც დაუწერელი, ასევე დაწერილი წესების არსებობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.