ირაკლი კობახიძე - აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მუშაობა ყველა დეპუტატთან, მაგრამ არსებობს გარკვეული პირობებიც
ირაკლი კობახიძე - აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მუშაობა ყველა დეპუტატთან, მაგრამ არსებობს გარკვეული პირობებიც

გუნდში არის რამდენიმე წევრი, რომელმაც დაუშვა შეცდომები, თუმცა გუნდში ძალიან კარგი ვითარება, კარგი სულისკვეთებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართული ბრიფინგის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ განაგრძობს მუშაობას მთელი შემართებით, პარლამენტს ძალიან ამბიციური გეგმები აქვს, რომელიც მომდევნო ორი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

„არის 100-ზე მეტი დეპუტატი და უფრო მეტიც, რომელიც სწორად აკვირდება და აფასებს მოვლენებს. არის გარკვეული შეცდომები, თუმცა რესურსი არსებობს, რომ ამ ადამიანებთანაც დალაგდეს ურთიერთობები. ამას ექნება ბუნებრივია, შესაბამისი წინაპირობები. ყველას მოვუწოდებ, სიმშვიდე შეინარჩუნონ. „ქართული ოცნება“ განაგრძობს მუშაობას მთელი შემართებით. არ გვცალია ნამდვილად, არ უნდა გვეცალოს ყოველ შემთხვევაში არც ერთ ჩვენგანს, რომ ასეთი დაპირისპირების ნიშნები გავაჩინოთ. გვაქვს უამრავი საქმე, მათ შორის საქართველოს პარლამენტში. ჩვენი სულისკვეთება მდგომარეობს იმაში, რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მუშაობა ყველა დეპუტატთან უმრავლესობაში. პირობებს რაც შეეხება, ეს მარტივია, დაირღვა დისციპლინა, შეურაცხყოფის მიყენება თანაგუნდელისთვის არის ერთ-ერთი გამოვლინება დისციპლინის დარღვევის, ეს განხილულ უნდა იქნეს და უნდა შეფასდეს. მათ შორის, უნდა შეფასდეს თავად შესაბამისი განცხადების ავტორის მიერ“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თუ დეპუტატი პირობებს არ თანხმდება, ამ შემთხვევაში შესაბამისი პროცესები გაგრძელდება.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა, რაზეც შევთანხმდით, რომ გაიწერება წესები და ამ წესებთან მიმართებით გვექნება შესაბამისი რეაგირების მექანიზმებიც. ასეთი წესები არსებობს ნებისმიერ დემოკრატიულ სისტემაში და ნებისმიერ დემოკრატიულ პარტიაში. იმისათვის, რომ დისციპლინა იყოს დაცული, საჭიროა, როგორც დაუწერელი, ასევე დაწერილი წესების არსებობა. ეს წესები შემუშავდება. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და ვიმოქმედებთ ამ წესების შესაბამისად, რომელიც შეთანხმდება საპარლამენტო უმრავლესობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.