დავით ჭიჭინაძე - ჩვენი მოთხოვნაა, რომ „ქართულ ოცნებაში“ არავის ჰქონდეს დაშტამპული აზრი
დავით ჭიჭინაძე - ჩვენი მოთხოვნაა, რომ „ქართულ ოცნებაში“ არავის ჰქონდეს დაშტამპული აზრი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ნაწილი მოითხოვს, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაშტამპული აზროვნება არ იყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

პირველ არხთან საუბარში დავით ჭიჭინაძე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კობახიძემ აღნიშნა, რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მუშაობა ყველა დეპუტატთან, მაგრამ არსებობს გარკვეული პირობები.

ჭიჭინაძის თქმით, მისთვის უცნობია, რა პირობებს გულისხმობდა პარლამენტის თავმჯდომარე. თუ პირობა აქამდე მომხდარის დავიწყებაა, დეპუტატის თქმით, ეს მისაღებია.

„შეიძლება, პირობა იყოს, რომ რაც აქამდე მოხდა, იმას ვივიწყებთ, თუნდაც განცხადებებს, რომელიც პრემიერ-მინისტრის საპირისპიროდ გაკეთდა. თუ პირობაა, რომ მოვლენებს ვივიწყებთ და სუფთა ფურცლიდან ვიწყებთ, ეს მისაღებია. მოსისხლე მტრებიც კი, როცა მოლაპარაკებების მაგიდასთან სხდებიან, ყველანაირ პირობებს უარყოფენ და მოლაპარაკებას სუფთა ფურცლიდან იწყებენ, თუ მოლაპარაკება სურთ. არის კიდევ ერთი ვერსიაა, როცა მოგებული და წაგებული მხარეა, რომელიც დამარცხებულს პირობებს უყენებს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, არც მოგებული და არც დამარცხებული მხარეები არ არის”, – ამბობს ჭიჭინაძე.

დეპუტატი ითხოვს, რომ არსებულ უთანხმოებაზე უმრავლესობის სხდომა იყოს მოწვეული, სადაც თამაშის წესებზე შეთანხმდებიან.

„მზად ვარ, უმრავლესობის სხდომა მოვიწვიოთ, თამაშის წესებზე შევთანხმდეთ და დავიცვათ. ეს ის საკითხი არ არის, რის გამოც შეიძლება პარლამენტი სხვა ადგილას გადავდგათ. პრემიერის სულისკვეთება მიმართულია ერთობისკენ. ერთი მოთხოვნაა, რომ „ქართულ ოცნებაში” არავის არ ექნება დაშტამპული აზრი. შეიძლება, პარლამენტის თავმჯდომარის გარშემო „პორტირებული“ დეპუტატები არიან, რომლებსაც ძველი მოჰყვებათ, სადაც შტამპები იყო და სპიკერს ურჩევენ, რომ პარლამენტი ასე უნდა იყოს, რაშიც ცდებიან. საუბარი ამაზეც გვექნება“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მისი თქმით, თითოეული დეპუტატის ღირსება უნდა იყოს დაცული და ყველა დეპუტატს უნდა ჰქონდეს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება.

„გვაინტერესებს, როგორ მიიღება გადაწყვეტილება და თუ საკითხი 30 ადამიანს არ მოსწონს, ეს ითვლება თუ არა უმრავლესობის გადაწყვეტილებად”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ  აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მუშაობა ყველა დეპუტატთან, მაგრამ არსებობს გარკვეული პირობებიც. „პირობებს რაც შეეხება, ეს მარტივია, დაირღვა დისციპლინა, შეურაცხყოფის მიყენება თანაგუნდელისთვის არის ერთ-ერთი გამოვლინება დისციპლინის დარღვევის, ეს განხილულ უნდა იქნეს და უნდა შეფასდეს. მათ შორის, უნდა შეფასდეს თავად შესაბამისი განცხადების ავტორის მიერ“, – განაცხადა კობახიძემ.