აკაკი ზოიძე - ჯოგურობას და გუნდურობას შორის დიდი სხვაობაა, ჩვენი ჭეშმარიტი გუნდი იქნება
აკაკი ზოიძე - ჯოგურობას და გუნდურობას შორის დიდი სხვაობაა, ჩვენი ჭეშმარიტი გუნდი იქნება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის თქმით, გუნდში არსებული ყველა პრობლემა აუცილებლად აღმოიფხვრება.

მისი თქმით, ჩატარდება უმრავლესობის სხდომა, ასევე გაგრძელდება შიდა კონსულტაციები და დისკუსიები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

„ჩატარდება სხდომა. ჩვენ შიგნით კონსულტაციებს, საუბრებს, დისკუსიებს ვაგრძელებთ იმისთვის, რომ კონკრეტული თემები, რაც იყო პრობლემების აღქმა ჩვენი კოლეგების მხრიდან, შეიძლება კომუნიკაციის ნაკლებობის თემები, მთლიანად აღმოვფხვრათ“, – განაცხადა ზოიძემ.

მისი შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობაში ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს.

„უმრავლესობა არის ცოცხალი ორგანიზმი, მასში მიმდინარე პროცესები არის ჯანსაღი და საბოლოო ჯამში, ამით ყალიბდება გუნდურობა. ჯოგურობას და გუნდურობას შორის დიდი სხვაობაა ხოლმე და ჩვენი იქნება ჭეშმარიტი გუნდი და არა ერთი მუსიკაზე, ერთ ნოტზე, დაკრულზე მოცეკვავე ადამიანები. სწორედ ასეთი ტიპის გუნდის წევრად ვგრძნობ თავს და ამაყი ვარ“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელიც რამდენიმე დღის წინ უნდა გამართულიყო, გადაიდო. სხდომის ჩატარების თარიღი ჯერ უცნობია.

 

დატოვე კომენტარი