გია ვოლსკი - არსებობს კორექტულობის საზღვრები, რაზეც მყარად უნდა შევთანხმდეთ, ჩამოვა უმრავლესობის ლიდერი და შეხვედრაზე მოვილაპარაკებთ
გია ვოლსკი - არსებობს კორექტულობის საზღვრები, რაზეც მყარად უნდა შევთანხმდეთ, ჩამოვა უმრავლესობის ლიდერი და შეხვედრაზე მოვილაპარაკებთ

„ქართული ოცნების“ გუნდში აზრთა სხვადასხვაობასთან დაკავშირებით თვალსაჩინოებაზე საუბარი შეიძლება, მაგრამ დაპირისპირებაზე ლაპარაკი არა თუ ნაადრევი, არამედ უსაფუძვლოა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე დეპუტატს აქვს განსხვავებული აზრი, თუმცა არსებობს კორექტულობის საზღვრები, რაზეც შეთანხმება უნდა მოხდეს.

ვოლსკის განცხადებით, შეხვედრა აღნიშნული საკითხების განსახილველად უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თბილისში დაბრუნების შემდეგ დაიგეგმება.

„თუ საზოგადოების თვალსაწიერში გამოვიტანეთ ეს განსხვავებული პოზიციები, ამაში ცუდი არაფერი არ არის, უბრალოდ, კორექტულობის რაღაც საზღვრები და ფორმები არსებობს, რაზედაც მყარად უნდა შევთანხმდეთ.

ოფიციალური დელეგაცია იმყოფება ისრაელში, ჩამოვა უმრავლესობის ლიდერი  და მოვილაპარაკებთ უახლოეს დღეებში შეხვედრაზე. ამას ჩავატარებთ, მაგრამ კრიტიკული და საპანიკო არაფერი არ არის. შეხვედრა იქნება,  ვფიქრობ, შევთანხმდებით გარკვეულ კრიტერიუმებზე, წესებზე“, – განაცხადა დეპუტატმა.

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ცუდი არაფერია იმაში, თუ კრიტიკული აზრი გუნდიდან გარეთ გადის.

„მე პირადად, საკმაოდ კრიტიკულად ვარ განწყობილი კორექტულობის ხარისხის მიმართ. თემებზე თუ განსხვავებული აზრია, ამაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ არსებობს გარკვეული წესები და ფორმები, რომლითაც ეს განსხვავებული აზრი უნდა იყოს გამოხატული. მე ასე მიმაჩნია და ვფიქრობ, ასეა განწყობილი ჩემი გუნდის უმრავლესობა, თუ ყველა არა“, – განაცხადა დეპუტატმა გია ვოლსკიმ.