საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შრომის უსაფრთხოების კანონში ცვლილებებზე იმსჯელებენ
საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შრომის უსაფრთხოების კანონში ცვლილებებზე იმსჯელებენ

საქართველოს პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პირველი მოსმენა იგეგმება.

ინიციატივის მიხედვით, შრომის უსაფრთხოება გავრცელდება არამხოლოდ მავნე, მძიმე და საშიში პირობების მქონე დაწესებულებაზე, არამედ უკვე მოიცავს ყველა სფეროს, მათ შორის საჯარო სექტორსაც. ცვლილებები იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპებს განსაზღვრავს, რომლებიც სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს უკავშირდება.

კანონი დაარეგულირებს სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, დასაქმებულთა წარმომადგენლებისა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასთან.

ინიციატივის ერთ-ერთი თანაავტორი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს, რომ ცვლილებათა პაკეტი საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით მომზადდა.

„ეს კანონი, რომელიც მოქმედებს დღეს, გარკვეულ ხარვეზს შეიცავდა საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე. მოიცავდა მხოლოდ მცირე – მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანს. ახლად ინიცირებული კანონი მოიცავს ყველა სფეროს. ყველა საწარმოში, ყველა ტიპის ორგანიზაციაში შესაძლებელი იქნება შემოწმება, რადგან გარდა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანისა, არსებობს სხვა საწარმოები, სადაც ასევე შესაძლებელია შრომის უსაფრთხოების პრინციპები დაბალი სტანდარტით, თუმცა მოთხოვნები იქაც იყოს. ამას საერთაშორისო სტანდარტი ითვალისწინებს“, – განაცხადა დიმიტირი ცქიტიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, მთავარი, რაც შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში შეიცვლება შრომის ინსპექტორის ობიექტებზე უპირობო დაშვება იქნება. ცვლილებების შემდეგ ინსპექტორები სასამართლოს სანქცირების გარეშე შეძლებენ, შევიდნენ ყველა კომპანიასა თუ დაწესებულებაში. როგორც ინიტიატის ერთ-ერთი ავტორი და მომხსენებელი დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს, სწორედ შრომის ინსპექტორი იქნება ერთგვარი პრევენციული მექანიზმი. იმისათვის, რომ შრომის ინსპექტორის ინსტიტუტი კანონპროექტის მიღების შემდეგ სრული დატვირთვით ამუშავდეს, ცქიტიშვილის თქმით, საჭიროა რეორგანიზაცია და ცვლილებები, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.

„მეორე ფუნდამენტური ცვლილება, რაც ხდება ეს არის შრომის ინსპექტორების უპირობო დაშვება საწარმოებში. ანუ მათ არ სჭირდებათ წინასწარ სანქცირება სასამართლოდან. მათ ექნებათ თავისუფალი შესვლის უფლება ნებისმიერ საწარმოში. მათ ექნებათ გარკვეული პრიორიტეტების მიხედვით შესვლის გარკვეული სქემა. თავისუფალი შესვლის უფლება გვაძლევს საშუალებას, გარკვეული პრევენციული მექანიზმიც კი იყოს ინსპექტორი. მაღალ ჯარიმებთან ერთად, ეს იქნება მოულოდნელობის ეფექტი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თითოეული საწარმო ყოველთვის უნდა იყოს მზად შრომის უსაფრთხოების სტანდარტების თვალსაზრისით“, – აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

პროექტი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მომზადდა. პროცესში სამოქალაქო სექტორი და დაინტერესებული მხარეებიც იყვნენ ჩართულნი. ცვლილებათა პაკეტზე საკუთარი რეკომენდაციები ბიზნესომბუდსმენმაც გასცა.

საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, პლენარულ სხდომაზე დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებების პირველი ნაწილი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ახალ კონსტიტუციასთან ერთად, ხოლო სრულად მომავალი წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.