შოთა ბურჯანაძე - დღეს ბიზნესს მოთხოვნა არ აქვს კვალიფიკაციაზე, მუშახელზეა საუბარი, ხალხს მუშაობა არ უნდა
შოთა ბურჯანაძე - დღეს ბიზნესს მოთხოვნა არ აქვს კვალიფიკაციაზე, მუშახელზეა საუბარი, ხალხს მუშაობა არ უნდა

საოცარი რეალობაა, რომ ერთ მხარეს არის უმუშევართა დიდი ნაკადი და მეორე მხარეს გვაქვს მოთხოვნილება, რომელიც ვერ კმაყოფილდება, – ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ადამიანებს ვერ ვნახულობთ, რომლებსაც სურვილი ექნებოდათ, რომ დასაქმდნენ. ეს პრობლემა დგას. ყველა სფერო ითხოვს დღეს ადამიანს და ვინმეს თუ რამე შესაძლებლობა აღმოაჩნდა, რომ დასაქმდეს, ვინ უყურებს, იმას საერთოდ რა კვალიფიკაცია აქვს? დღეს ბიზნესს მოთხოვნა არ აქვს კვალიფიკაციაზე. კვალიფიკაციის მოთხოვნა რომ იყოს, ეს ძალიან კარგი მოვლენა იქნება, მაგრამ სამწუხაროდ, არ გვაქვს. მუშახელზეა საუბარი. ხალხს მუშაობა არ უნდა. პარადოქსია ხომ? რამდენი უმუშევარი გვყავს და ბიზნესი ამბობს, ხალხი მჭირდება. ამაზე მეტი პარადოქსი რა შეიძლება, არსებობდეს?!“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა ამის მიზეზი ბიზნესის მხრიდან არაადეკვატური შეთავაზება და ანაზღაურება, რაზეც მოქალაქეები ხშირად საუბრობენ, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, რომ პრობლემა რომ მხოლოდ ერთ, სამასპინძლო ბიზნესის სფეროში იყოს, ამ შენიშვნას მიიღებდა, მაგრამ მაშინ, როდესაც გაცხადებულიც არ არის, ადამიანი ამა თუ იმ ვაკანსიაზე რა ხელფასს მიიღებს და გამოხმაურება ამ შემთხვევაშიც არ არის, ეს უბრალოდ არაადეკვატურია.

„მაგალითად, ორი-სამი წლის წინ მივიღებდი იმ შენიშვნას, რომ ჩვენ სფეროში ანაზღაურება შეიძლება, დაბალი იყოს, მაგრამ დღესდღეობით, ეს უბრალოდ, არ არსებობს. 1 300 ლარზე ნაკლები ხელფასი არ არსებობს, არც ერთ რგოლში და არც შეიძლება იყოს რვასაათიან სამუშაოზე. ეს ანაზღაურება არ არის ისეთი დაბალი, რომელზეც ადამიანმა შეიძლება, უარი თქვას, თუ მას შემოსავალი არ აქვს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, როგორც ბიზნესის წარმომადგენელი, არათუ წინააღმდეგი არ არის, რომ ქვეყანაში არსებობდეს მინიმალური ხელფასი, რაც ადამიანის უფლებების დაცვის ერთ-ერთი შესაძლებლობაა, არამედ ამას აუცილებლობად მიიჩნევს.

„დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის უნდა არსებობდეს უფლებრივი ვალდებულებები. თუ ეს არ იარსებებს და ბიზნესს წარმოდგენა ექნება, რომ მე უნდა მყავდეს ბრჭყალებში მონა, ამ შემთხვევაში ის ვერ განვითარდება და სადღაც ორი-სამი, თუ ათი წლის შემდეგ უბრალოდ, შეწყვეტს არსებობას. იმიტომ, რომ ქვეყანა ვითარდება. ჩვენ რომ ისეთი ქვეყნების რიგში ვიყოთ, რომლებსაც სხვა ხედვა აქვთ და ევროპული ხედვა არ გვქონდეს, ამ შემთხვევაში პრობლემა არ შეიქმნება, მაგრამ რადგან ჩვენი არჩევანი ევროპული ხედვაა და ევროკავშირი ვალდებულებას გვადებს, რომ ესა და ეს უნდა შესრულდეს, თუ რაღაც საფუძველი შექმნილი არ გაქვს, პრობლემა ყველა ვარიანტში შეგექმნება“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ პროფესიული სასწავლებელი ქვეყნის გადარჩენის ერთ-ერთი საშუალებაა.

„განვითარებულ ქვეყნებში საზოგადოების საშუალო ფენას სწორედ ეს პროფესიული სასწავლებელი ქმნის. საშუალო ფენას არ ქმნის უნივერსიტეტ დამთავრებული ადამიანი. დღეს ჩვენ ქვეყანაში მილიონობით ლარი იხარჯება ბევრ სფეროზე, რომელიც მოთხოვნადი არ არის. ვფიქრობ, სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს დაფინანსებული სამი-ოთხი სფერო, სადაც დასაქმება გარანტირებული იქნება. გაგიკვირდებათ, რასაც ახლა გეტყვით, მაგრამ ფაქტია, სახელმწიფოს მხრიდან პროფესიული სასწავლებლების მიმართ ერთი ლარი არ იყო გამოყოფილი პიარისთვის“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.