შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ ობიექტზე სამუშაო პროცესი შეაჩერა და კომპანია დააჯარიმა
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ ობიექტზე სამუშაო პროცესი შეაჩერა და კომპანია დააჯარიმა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ ობიექტზე სამუშაო პროცესი შეაჩერა და კომპანია 50 000 ლარით დააჯარიმა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი გვირაბის გაყვანის სამუშაოებისას, რომელსაც საქართველოში „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ მუდმივმოქმედი ფილიალი აწარმოებს, უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

„შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა მოახდინა მყისიერი რეაგირება და დაიწყო უბედური შემთხვევის მოკვლევის პროცედურები. მოკვლევის შედეგად, შრომის ინსპექციამ გამოავლინა უსაფრთხოების წესების დარღვევა, კერძოდ, სამუშაოს წარმოებისას გამოიყენებოდა დაზიანებული, ამორტიზებული, ტექნიკურად გაუმართავი მძიმე ტექნიკა, სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოების წესების უგულვებელყოფა, საფრთხეების არასწორი/არასრულყოფილი იდენტიფიცირება და ა.შ“, – აღნიშნავს ჯანდაცვის სამინისტრო.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, შრომის ინსპექციის მიერ, მიმდინარე წელს არაერთგზის განხორციელდა „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ მუდმივმოქმედი ფილიალის ობიექტების ინსპექტირება, რის საფუძველზეც კომპანის მიმართ გამოყენებულ იქნა სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სახდელი. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ კომპანიაში კვლავ გამოწვევად რჩება შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დამკვიდრება.

„გამომდინარე აქედან, უბედური შემთხვევის მოკვლევის, ინსპექტირების განხორციელებისა და ანალიზის საფუძველზე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნულ ობიექტზე ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ იქნას სამუშაო პროცესის შეჩერება და ჯარიმა – 50 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, შრომის ინსპექცია მოუწოდებს ყველა დამსაქმებელს, დაიცვან შრომის უსაფრთხოების კანონით გათვალისწინებული ნორმები სამუშაო ადგილებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შრომის ინსპექცია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს, რათა უსაფრთხო სამუშაო გარემო იყოს უზრუნველყოფილი.