ბექა ფერაძე - პირველი მაისიდან დღემდე 8 561 ობიექტი შემოწმდა
ბექა ფერაძე - პირველი მაისიდან დღემდე 8 561 ობიექტი შემოწმდა

კომპანიების შემოწმების პროცესი პირველი მაისიდან აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ  განაცხადა.

მისი თქმით, მოწმდება, თუ რამდენად მზად არიან კომპანიები, ახალი კორონავირუსის პირობებში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები დააკმაყოფილონ.

„მთავრობის მიერ დაანონსებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ჩვენ მაქსიმალურად ბევრ წარმოებასა და კომპანიას ვამოწმებთ, რათა ვნახოთ, რამდენად არიან ისინი მზად ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დასაკმაყოფილებლად, ასევე წინსწრებით მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ შემდეგ გეგმური მონიტორინგის განხორციელებისას არ შეექმნათ რამე დამატებითი პრობლემა. 10 დღის განმავლობაში ჩვენს მიერ, სხვადასხვა უწყებების ჩართულობით, 8 561 ობიექტი შემოწმდა. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ამ პერიოდისთვის, სადაც ინტენსიურად ვაწვდით ინფორმაციას, რეკომენდაციებს, რა უნდა დააკმაყოფილონ, როდესაც უკვე გეგმურ მონიტორინგზე გადავალთ“, – განაცხადა ფერაძემ და აღნიშნა, რომ შემოწმებულ ობიექტებში ფაქტობრივად ყველა ტიპის საწარმო შედის.

ამასთან, მისი თქმით, იწყება ეკონომიკის გახსნის მეოთხე ეტაპის მოსამზადებელი სამუშაოები.

„უკვე გადავდივართ მეოთხე ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებზე, ესენია – ე.წ. ღია ტიპის რესტორნები, სილამაზის სალონები, მოლები, ესთეტიკური ცენტრები, მომსახურების საქმიანობები, საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობები, რომელთა მიმართულებითაც ვმუშაობთ აქტიურად, რომ შევიმუშაოთ რეკომენდაციები და სტანდარტები მათთვის წინსწრებით იყოს ხელმისაწვდომი. ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. დაგეგმილზე ადრე გაიხსნა ესა თუ ის სექტორი, ახლაც არსებობს მსგავსი მოლოდინი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, წინსწრებით გამიჭირდება საუბარი, თუმცა დაჩქარებული ტემპებით მიდის მუშაობა, ყველა იმ რეკომენდაციის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ“, – განაცხადა ფერაძემ.