სანდრო ბარამიძე - „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციაზე დასწრება საჭიროდ არ ჩავთვალე
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, სანდრო ბარამიძის განცხადებით, „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციაზე დასწრება საჭიროდ არ ჩათვალა.
ამასთან, როგორც ბარამიძემ აღნიშნა, კონსტიტუციურ პროცესში აუცილებლად ჩაერთვებიან.
„ამ იდეის დიდი ერთგული ვართ და ამ საკითხთან დაკავშირებული ხელმოწერების შეგროვებაში ერთ-ერთი ინიციატორი ჩვენც ვიყავით, ჩვენი პარტია „თავისუფალი დემოკრატები“. რა საკვირველია მზად ვართ და აუცილებლად ჩავერთვებით კონსტიტუციურ პროცესში, საკონსტიტუციო კომისია რომ შეიქმნება და სახალხო განხილვები დაიწყება, ორივე კანონპროექტში, ერთი ჩვენს მიერ მომზადებული, რომელსაც 250 ათასმა მოქალაქემ დაუჭირა მხარი და მეორე ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პარტიულ პრეზენტაციას, აქ წასვლა არ ჩავთვალე საჭიროდ“,- განაცხადა ბარამიძემ.
„პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას დაესწრნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა, „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია, „ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერი აკაკი ასათიანი, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე გოჩა ჯოჯუა, საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, მიხეილ-გელა სალუაშვილი. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. პრეზენტაციას არ ესწრებოდნენ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე შესულია.
კანონპროექტის გათვალისწინებით, საქართველოში პროპორციული სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ამოქმედდება. კერძოდ, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე.
გარდა ამისა, პროექტის თანახმად, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ მანდატს ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელიც არჩევნებში სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას მიიღებს. გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით გადანაწილდება უკეთესი შედეგის მქონე პარტიებზე.
ამასთან, ცვლილებები არ ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ ეს იმისთვის კეთდება, რომ დაბრკოლება არ შეექმნას პარტიული სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას.