არჩილ თალაკვაძე - არც ერთ პარტიას, არც რომელიმე ჯგუფს, რომელიც პროტესტს აწყობდა, არ აქვს მონოპოლია საზოგადოებრივ აზრზე, საზოგადოების სახელით ნურავინ ილაპარაკებს
არჩილ თალაკვაძე - არც ერთ პარტიას, არც რომელიმე ჯგუფს, რომელიც პროტესტს აწყობდა, არ აქვს მონოპოლია საზოგადოებრივ აზრზე, საზოგადოების სახელით ნურავინ ილაპარაკებს

ჩვენი გუნდის პოზიცია არის, რომ ყველაზე საიმედო საარჩევნო სისტემა ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის იქნება 100/50-ზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ეცდება, რომ კონსტიტუციაში აღნიშნული ცვლილების ასახვის მიზნით შესაბამისი მობილიზება მოახდინოს.

ამასთან, არჩილ თალაკვაძის თქმით, გასული წლის ივნისში ხელისუფლებამ ოპოზიციას ინიციატივა პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების თარიღთან დაკავშირებით შესთავაზა, ანუ 2020 წლისთვის.

„ივნისში ჩვენ ოპოზიციას შევთავაზეთ ინიციატივა პროპორციული არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რადგან ეს იყო თარიღის ცვლილება. სისტემის ცვლილების გადაწყვეტილება კი, უკვე ასახული იყო კონსტიტუციაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ძალიან კონსტრუქციული, პოზიტიური ნაბიჯი და ჩვენ გვქონდა მოლოდინი, ეს იქნებოდა გაერთიანების, თანამშრომლობის წერტილი, მეორე დღიდანვე ოპოზიციის ამ დესტრუქციულმა ნაწილმა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა გააგრძელეს ბოიკოტირების რეჟიმი, გააგრძელეს დესტრუქცია, ქუჩის პროტესტი. განხილვებსაც კი არ ესწრებოდნენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, იყო უმძიმესი შეურაცხყოფის ფაქტები მმართველი გუნდის წევრების მიმართ, რამაც გუნდში სკეპტიციზმი გაზარდა და საბოლოო ჯამში საკმარისი მხარდაჭერის მობილიზება ვერ მოხერხდა.

„საზოგადოებას რაც შეეხება, ჩვენ საზოგადოებასთან გვაქვს ნორმალური კომუნიკაცია. საზოგადოებრივი განხილვების დროს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი სვამდა კრიტიკულ შეკითხვებს,  იქნება თუ არა საზოგადოებისთვის სტაბილურობის გარანტორი პროპორციული საარჩევნო სისტემა. ზუსტად ამაზე მიგვითითებდნენ ჩვენი მოქალაქეები, რომ ეს ოპოზიცია არ არის თანამშრომლობისკენ მოწოდებული, არ არის მზად ისეთი პოლიტიკის გასატარებლად, რომელსაც სჭირდება პარტიებს შორის თანამშრომლობა. ამიტომ ნურავინ ილაპარაკებს სრული საზოგადოების სახელით. საზოგადოების ნაწილს ჰქონდა კრიტიკული დამოკიდებულება. 20 ივნისს იდგნენ ადამიანები, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირ პროტესტს ვითვალისწინებთ, ეს არის გარანტირებული უფლება, თუმცა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, არც რომელიმე ჯგუფს, რომელიც პროტესტს აწყობდა, არ აქვს მონოპოლია საზოგადოებრივ აზრზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის დიდი ნაწილის დესტრუქციული ქმედებების ფონზე გამოიკვეთა მათი რეალური მიზანი – დესტაბილიზაცია.

„ეს გამოჩნდა 20 ივნისს განსაკუთრებით, გამოჩნდა შემდეგაც.  დღეს უკვე ჩვენი გუნდის პოზიცია არის, რომ ყველაზე საიმედო სისტემა ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის იქნება 100/50-ზე. ვეცდებით და გავაკეთებთ მობილიზაციას იმისთვის, რომ ეს ცვლილებები ავსახოთ კონსტიტუციაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.