კახა ძაგანია - პროპორციული არჩევნების იდეა ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციამ ჩააგდო
კახა ძაგანია - პროპორციული არჩევნების იდეა ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციამ ჩააგდო

მთავარი ამოცანა და საზოგადოების მოთხოვნა, რაც იყო პროპორციული არჩევნები, ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციამ ჩააგდო, – ამის შესახებ „მემარცხენე ალიანსის“ წევრმა, კახა ძაგანიამ განაცხადა.

როგორც კახა ძაგანიამ აღნიშნა, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო აქციები, ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა პარლამენტის დაკავებას, ხალხი მიხვდა, რომ ამ პარტიას ხელისუფლებაში მოსვლას არაკონსტიტუციურად მობრუნება სურდა, ამიტომ არ გამოაყენებინეს თავი ინსტრუმენტად და პროპორციული არჩევნების იდეა ჩავარდა.

„მემარცხენე ალიანსი“ მოუწოდებდით ოპოზიციურ პარტიებს, რომ გამოყოფოდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“, ერთად დავმდგარიყავით საზოგადოება გვერდით და დღეს უკვე 100/40- ზე კი არ იქნებოდა ლაპარაკი, იქნებოდა პროპორციული არჩევნების ძალიან სერიოზული მოთხოვნის საშუალება. სამწუხაროდ, ოპოზიციურმა პარტიებმა ეს არ გაითვალისწინეს, ვინაიდან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებულია მატერიალური რესურსი. დღესაც, როგორც ხედავთ, მიდის მანდატებზე ვაჭრობა. მთავარი მოთხოვნა პროპორციულ არჩევნებზე აღარც იხილება, აი, რა შეცდომა ჩაიდინა ოპოზიციამ და ხელისუფლებამ. დღევანდელ სიტუაციაში არჩევანის გაკეთება არის ცუდსა და ძალიან ცუდს შორის“, – განაცხადა კახა ძაგანიამ.

მისივე თქმით, ნულოვანი ბარიერი ძალიან კარგი იდეაა და დღევანდელი პოლიტიკური ვითარების გამოსწორების ერთადერთი გასაღები არის მრავალპარტიული პარლამენტი, ნულოვანი ბარიერი კი მრავალპარტიული პარლამენტის ერთ-ერთი საშუალებაა.

„რაც ახლა არის ხელისუფლების მხრიდან შემოთავაზებული 100/40 -ზე, ჩვენ ამას დავუჭერთ მხარს. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მოღალატე ოპოზიციამ, „ნაცების“ ფულზე გამოკიდებულმა, ხალხის მთავარი მოთხოვნა ჩააგდო“, – განაცხადა კახა ძაგანიამ.