სამხრეთ კაროლინაში სარკინიგზო ავარია არასწორ ლიანდაგზე გადასვლამ გამოიწვია
სამხრეთ კაროლინაში სარკინიგზო ავარია არასწორ ლიანდაგზე გადასვლამ გამოიწვია

სამხრეთ კაროლინაში Amtrak-ის სამგზავრო მატარებლის სარკინიგზო ავარიასთან დაკავშირებით ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების ბორდის თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა. მისი თქმით შეჯახება, რომელსაც Amtrak-ის ორი თანამშრომელი შეეწირა, 116 მგზავრი კი დაშავდა, მატარებლის არასწორ ლიანდაგზე გადასვლამ გამოიწვია. მისივე განცხადებით, მატარებელს ზუსტი მიზეზის დასადგენად ექსპერტიზა უტარდება, თუმცა წინასწარი მონაცემებით ის შეცდომით CSX-ის კუთვნილ ლიანდაგზე მოძრაობდა.

Amtrak-ის სამგზავრო მატარებელი კვირას CSX-ის გაჩერებულ შემადგენლობას შეეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა Amtrak-ის მემანქანე და კონტროლიორი.

მატარებელს 139 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი გადაჰყავდა. სამხრეთ კაროლინის დედაქალაქის სიახლოვეს შეჯახება ადგილობრივი დროით 02:35 საათზე მოხდა.

Amtrak-ის მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლას ვაშინგტონის შტატში დეკემბერში 3 ადამიანი ემსხვერპლა. მაშინ მემანქანემ განაცხადა, რომ სიგნალი არასწორად წაიკითხა და ავარიის მიზეზი ეს გახდა.

იანვრის ბოლოს კი, Amtrak-ის მატარებელი, რომელსაც კონგრესმენი რესპუბლიკელები ვირჯინიაში პარტიის შეკრებაზე გადაჰყავდა, ნაგვის სატვირთოს შეეჯახა. ინციდენტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.