სამეფო კარის თამაშების პრეისტორია - HBO ახალ სერიალზე მუშაობს
სამეფო კარის თამაშების პრეისტორია - HBO ახალ სერიალზე მუშაობს

2019 წელს ეკრანებზე „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური, მერვე სეზონის გამოსვლით, ეპიკური ფენტეზის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სერიალი სრულდება. თუმცა, ამერიკული საკაბელო სატელევიზიო არხების ქსელი HBO და ჯორჯ მარტინი უკვე მუშაობენ სცენარზე, რომელიც უესტეროსისა და ესოსის სამყაროში ათასწლეულებით ადრე განვითარებულ მოვლენებს მოგვითხრობს. სწორედ ჯორჯ მარტინია ავტორი რომანისა „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“, რომლის ეკრანიზაციასაც წარმოადგენს „სამეფო კარის თამაშები“.

გამოცემა Harper’s Bazaar-ი წერს, რომ HBO-მ ახალი სერიალის ორიგინალური სცენარი ხუთ სხვადასხვა სცენარისტს დაუკვეთა. მათგან საუკეთესოს კი ეკრანებზე ვიხილავთ.

ამ ეტაპზე უკვე დაწყებულია მუშაობა ერთ-ერთი სცენარის საპილოტე ვერსიაზე, რომლის სცენარისტი და პროდიუსერი ჯეინ გოლდმანი და თავად ჯორჯ მარტინი არიან. სიუჟეტი აღწერს „სამყაროს ქრონიკებს გმირების ოქროს ხანიდან რთულ პერიოდამდე“. ეს არის „სამეფო კარის თამაშების“ სამყაროს ახალი ნაწილი, რომლის შესახებაც არაფერი ვიცით – „უესტეროსის ისტორიის საშინელი საიდუმლოებებიდან, თეთრი მოხეტიალეების რეალურ წარმოშობამდე, აღმოსავლეთის მისტერიებით, სტარკების ლეგენდით. ეს არ არის ისტორია, რომელიც გვგონია რომ ვიცით“.

ნაომი უოთსი ახალ სერიალში

„სამეფო კარის თამაშების“ პრეისტორიაში შესაძლოა, ვიხილოთ „კინგ კონგისა“ და „ზარის“ ვარსკვლავი, მსახიობი ნაომი უოთსი. ის განასახიერებს „ქარიზმატულ ქალს ბნელი საიდუმლოებებით“.
ცნობილია, რომ ახალ სერიალში მონაწილეობას არ მიიღებენ „სამეფო კარის თამაშების“ ამჟამინდელი შემადგენლობა და ასპარეზი ახალ სახეებს დაეთმობათ.

კიდევ ოთხი განსხვავებული სცენარი

როგორ განვითარდება მოვლენები „სამეფო კარის თამაშების“ პრეისტორიაში უცნობია. განსხვავებულ სცენარებზე, ჯეინ გოლდმანის გარდა, კიდევ ოთხი ავტორი მუშაობს:

მაქს ბორენშტაინი – „კონგის, თავის ქალის კუნძულისა“ და „გოძილას“ სცენარისტი;

ბრაიან ჰელგელანდი – „ლოს-ანჯელესის საიდუმლოებების“ ადაპტირებული სცენარისთვის ოსკარის მფლობელი სცენარისტი;

„ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ ავტორი ჯორჯ მარტინი თანამშრომლობს „შეშლილი ადამიანების“ სცენარისტ კარლ უერეისთან;

ჯორჯ მარტინი ასევე მუშაობს „სამეფო კარის თამაშების“ ერთ-ერთ სცენარისტ ბრაიან კოგმანთან.

ბიუჯეტი

რაც შეეხება ბიუჯეტს, ის გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე „სამეფო კარის თამაშებისთვის“ იყო გამოყოფილი. აღსანიშნავია, რომ „სამეფო კარის თამაშების“ პირველი სეზონის თითოეული სერიის ბიუჯეტი ექვს მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. მერვე, ფინალური სეზონისთვის კი ეს თანხა 15 მილიონამდე გაიზარდა.

როდის ვიხილავთ ახალ სერიალს ეკრანებზე

სერიალს ამ ეტაპზე არ აქვს სახელწოდება, არ ჰყავს არც რეჟისორი და არც მსახიობთა შემადგენლობა, ეკრანებზე გამოსვლას კი სულ მცირე 2020 წლამდე არ უნდა ველოდოთ.