როგორ დასრულდება „სამეფო კარის თამაშები“ - ყველაზე პოპულარული თეორიები
როგორ დასრულდება „სამეფო კარის თამაშები“ - ყველაზე პოპულარული თეორიები

გაფრთხილება: სტატია შეიცავს სპოილერებს!

როგორ დასრულდება „სამეფო კარის თამაშები“ – ამ თემაზე სერიალის ფანები უკვე დიდი ხანია წერენ და სხვადასხვა თეორიას აყალიბებენ. მე-5 სერიის გასვლის შემდეგ, სადაც დეინერის ტარგარიენი ნამდვილ შეშლილად იქცა, ფანები დრაკონების დედის მკვლელობის ვერსიებზე ალაპარაკდნენ.

გარდა ამისა, საინტერესო თეორიები განიხილება, ვინ დაიკავებს რკინის ტახტს და გახდება შვიდი სამეფოს მმართველი.

 

არია სტარკი კლავს დეინერის ტარგარიენს

„სამეფო კარის თამაშების“ დასასრულის ყველაზე პოპულარული თეორიაა არია სტარკის მიერ დეინერის ტარგარიენის მოკვლა.  ამ თეორიის გასამყარებლად ფანები იხსენებენ მელისანდრას სიტყვებს, რომელიც მან არია სტარკს უთხრა – „ყავისფერი, ლურჯი და მწვანე თვალები – ეს ის თვალებია, რომელთაც შენ სამუდამოდ დახუჭავ“. როგორც იცით, ლურჯთვალებიანი ღამის მეფე არიამ მოკლა, ხოლო მწვანე თვალები აქვს დეინერის ტარგარიენს. სწორედ ამიტომ ვარაუდობენ, რომ არია იქნება დრაკონების დედის მკვლელი.

 

ტირიონ ლანისტერი მესამე ტარგარიენია და რკინის ტახტს დაიკავებს

ამ თეორიას აძლიერებს გასულ სეზონში ტირიონ ლანისტერის შეხვედრა დეინერისის დრაკონთან, როდესაც ტირიონმა დრაკონთან შეხება შეძლო. ფანები წერენ, რომ მხოლოდ ნამდვილ ტარგარიენს შეუძლია, შეეხოს დრაკონს და ცოცხალი გადარჩეს.

ფანების კომენტარები ამ თეორიაზე

„რა მოხდება, თუ ტირიონ ლანისტერი ეირის ტარგარიენისა (გიჟი მეფის) და ჯოანა ლანისტერის შვილი აღმოჩნდება“?

„ეს ნათელი მაშინ გახდება, როდესაც დეინერისი შეეცდება, ტირიონ ლანისტერი დრაკონს მოაკვლევინოს“.

„წიგნის მიხედვით, პატარაობაში ტირიონი დრაკონებზე ოცნებობს, ხოლო ტაივინ ლანისტერი მას ეუბნება, რომ თავის შვილი არ არის“.

 

რკინის ტახტს სანსა დაიკავებს

თუ გავითვალისწინებთ, რომ დეინერისი შესაძლოა, მოკლან და ამავდროულად, ჯონ სნოუს მართვის სადავეების ხელში აღება არ სურს, შესაძლოა, რკინის ტახტი სანსა სტარკმა დაიკავოს.

 

ჯონ სნოუ და დეინერისი დაქორწინდებიან

ბოლო ორი სერიის შემდეგ, ეს თეორია ყველაზე ნაკლებად სარწმუნოა, რადგან ჯონ სნოუმ დეინერის ტარგარიანს რომანტიკულ ურთიერთობაზე, ფაქტობრივად, უარი უთხრა, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ დრაკონების დედა მისი მამიდაა. ამის მიუხედავად, ფანები მაინც არ გამორიცხავენ მათ დაქორწინებას.

ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, არია შეეცდება დეინერისის მკვლელობას, რის შემდეგაც არიას მოკლავენ ან დაატყვევებენ. ჯონი მიხვდება, რომ სამხედრო ჩარევის შემთხვევაში, აუცილებლად დაიღუპება ბევრი ადამიანი, მათ შორის თავისი ოჯახის წევრები. ამიტომ ის შეხვდება დეინერისს და შესთავაზებს ხანგრძლივი ომის დასრულებას, დენი ამას დათანხმდება ქორწინების სანაცვლოდ. ამ ნაბიჯით ჯონ სნოუ იხსნის თავის ოჯახს.

 

ტირიონი კლავს დეინერისს ზურგში დანის ჩარტყმით

ტირიონი ისევე მოკლავს  დეინერისს ზურგში დანის ჩარტყმით, როგორც ჯეიმი ლანისტერმა მოკლა დეინერისის მამა, „გიჟი მეფე“.

როგორც ნახეთ, „სამეფო კარის თამაშების“ ფინალის ყველაზე გავრცელებულ თეორიებს შორის არის დეინერის ტარგარიენის მკვლელობა. თუ დავუშვებთ, რომ დრაკონების დედა მართლაც კვდება, მაშინ მთავარ ინტრიგად რჩება, ვინ მოკლავს დეინერისს.