გუდაურში დაშავებული შვედეთის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
პაციენტი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გუდაურიდან გადმოიყვანა, დამატებითი სამედიცინო კვლევები უტარდება, – ამის შესახებ „მედიქლაბჯორჯიას“ სამედიცინო დირექტორმა გიორგი გოცაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
„პაციენტი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გუდაურიდან გადმოიყვანა, დამატებითი სამედიცინო კვლევები უტარდება, რათა დადგინდეს, რა დაზიანებები აღენიშნება. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. დაშავებული ქალბატონი არის შვედეთის მოქალაქე. ის კონტაქტური და ადეკვატურია“, – განაცხადა გოცაძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულებს შორის არიან რუსეთის, უკრაინის, შვედეთისა და საქართველოს მოქალაქეები.
წინასწარი ინფორმაციით, გუდაურში საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.
გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.