სამართალდამცველებმა ოზურგეთის საკრებულოში აქციის მონაწილეები არ შეუშვეს [ვიდეო]
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბესო ქათამაძის მხარდამჭერები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ, სადაც ხმაური და დაპირისპირება აქციის მონაწილეთა შენობაში შესვლის მცდებლობას მოჰყვა.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით მჟავანაძემ შენობის კიბეებთან შიმშილობის დაწყების შესახებ განაცხადა.
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან აქცია დილიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტს აპროტესტებენ და ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვენ.
ამის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მედიის წარმომადგენლებთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას ცდილობდნენ, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტზე საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრ ტარიელ აროშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ოზურგეთის საკრებულოში ინციდენტი 15 ივნისს მოხდა.
პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გუშინ ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს „ნაციონალური მოძრობის“ პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების ნაწილად შეაფასა. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.