სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მამუკა ტუსკაძის განცხადებას ეხმაურება
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო დავების განხილვის საბჭოს წევრის მამუკა ტუსკაძის განცხადებას ეხმაურება. უწყების ცნობით, საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია პირადი განცხადება, თუმცა მამუკა ტუსკაძის განცხადება საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ამ დრომდე არ შესულა.
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მიმდინარე წლის 26 დეკემბერს დავების განხილვის საბჭოს წევრის მამუკა ტუსკაძის მიერ მედიაში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებასთან მიმართებაში აღნიშნავს შემდეგს:
2017 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 26 დეკემბრის ჩათვლით სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში შემოსულია 1475 საჩივარი, რომელთაგან რამდენიმე საჩივრის შემთხვევაში (რომელიც გაცილებით ნაკლებია ვიდრე დასახელებული ოდენობა)თავად მომჩივანმა ორგანიზაციამ უარი განაცხადა მის მიერ შემოტანილ საჩივრის განხილვაზე შემდეგი მიზეზით:
მომჩივანს აღარ ჰქონდა საჩივრის განხილვის იურიდიული ინტერესი;
აღარ არსებობდა დავის საგანი, რაც იმას ნიშნავს, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ თავად გამოასწორა საჩივარში მითითებული ხარვეზი;
რამდენიმე საჩივრის გაუქმების მიზეზი გახდა საბჭოში ორი იდენტური შინაარსის მქონე საჩივრის წარმოდგენა;
ზოგიერთ საჩივარზე უარის თქმის საფუძველი გახდა შინაარსობრივად ხარვეზიანი საჩივარი.
აქვე, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ საჩივრის გახმობა არ ნიშნავს იმას, რომ მოცემულ ტენდერზე პრეტენდენტს აღარ შეუძლია საჩივრის წარმოდგენა, რაც ადასტურებს იმას, რომ ზემოქმედების მოხდენა ერთ კონკრეტულ მომჩივანზე საჩივრის უკან გახმობის მიზნით შინაარსს მოკლებულია.
ნიშანდობლივია, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 26 დეკემბრის ჩათვლით სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან ამავე საბჭოს წევრი – მამუკა ტუსკაძე ხელს აწერს მხოლოდ 233გადაწყვეტილებას. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ არც ერთ მათგანზე განსხვავებული აზრი არ დაუფიქსირებია იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობის შესაბამისად საბჭოს წევრს, რომელიც არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს განსხვავებული აზრი, რაც აუცილებლად თან უნდა დაერთოს შესაბამის გადაწყვეტილებას.
საგულისხმოა ისიც, რომ საბჭოს კომპეტენცია განსაზღვრულია კანონით და მისი მიზანია მხოლოდ შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებით დარღვეული უფლების დაცვა. თუმცა,ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის დავების განხილვის საბჭოს წევრს, აქვს შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ამა თუ იმ საკითხის შესახებ ინფორმაცია შესასწავლად მიაწოდოს, როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილ ორგანოს. გასათვალისწინებელია, რომ მამუკა ტუსკაძის მხრიდან ამგვარ ფაქტს ადგილი არ ჰქონია არასდროს.
აქვე, აღსანიშნავია, რომ საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია პირადი განცხადება, თუმცა მამუკა ტუსკაძის განცხადება საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ამ დრომდე არ შემოსულა.
ხაზგასასმელია, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული მონაცემები (მათ შორის,როგორც შესყიდვის პროცედურებთან, ასევე საბჭოში შემოტანილ საჩივრებთან დაკავშირებული მონაცემები) საჯაროა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის შემდეგ ვებგვერდზებზე: http://www.procurement.gov.ge, https://tenders.procurement.gov.ge, https://tenders.procurement.gov.ge/dispute“, – აცხადებენ უწყებაში.