სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციური დიალოგის საკითხზე ყოველწლიური ფორუმი ფუძნდება
საქართველოში ყოველწლიური ფორუმი – „სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციური დიალოგი“ ფუძნდება.
ინიციატივა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს ზაზა გაბუნიას ეკუთვნის. გაბუნიას ცნობით, პირველი შეხვედრა 5-6 მაისს ახალციხეში გაიმართება.
„ინიციატივის მიზანია, ცენტრსა და თვითმმართველობას შორის მაღალი დონის, მუდმივმოქმედი და ფორმალიზებული საკონსულტაციო მექანიზმი შეიქმნას, რაც გაზრდის ინსტიტუციური დიალოგის შესაძლებლობას და ცალკეულ სექტორულ მიმართულებებში არსებულ გამოწვევებზე თანამშრომლობას სრულიად ახალ სიმაღლეზე გადაიყვანს. დეცენტრალიზაციის დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში, ასეთი მუდმივმოქმედი დიალოგის ფორმატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეფორმით გათვალისწინებული სამუშაოების ეფექტურად შესასრულებლად. თანამშრომლობის ეს მოდელი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ შესაძლებლობას იძლევა, ქალაქებმა და მუნიციპალიტეტებმა საკუთარი კავშირები თავად გააღრმავონ“, -აცხადებს გაბუნია.
ფორუმის ფარგლებში, წლის მანძილზე სამი შეხვედრა გაიმართება. პირველი შეხვედრა მერების, მეორე საკრებულოს თავმჯდომარეების მონაწილეობით შედგება, ხოლო მესამე, წლის სამუშაოს შემაჯამებელი, დასკვნითი შეხვედრა თბილისში ჩატარდება.