საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტად კახა კალაძე აირჩიეს
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტად კახა კალაძე აირჩიეს

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა რიგით მეშვიდე ეროვნულ ასამბლეაზე, ასოციაციის პრეზიდენტად, ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, თბილისის მერი კახა კალაძე აირჩიეს.

„ასამბლეაზე ჩვენ ვიმსჯელებთ ასოციაციის სამომავლო განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ ვის ანდობს ასოციაცია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მართვის საკითხებს, რათა ჩვენი საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტიანი, ქმედითი, ხელშესახებ შედეგებზე ორიენტირებული გახდეს და ხელი შეუწყოს თითოეული მუნიციპალიტეტის გაძლიერებას. გარდა იმისა, რომ ვირჩევთ ასოციაციის პრეზიდენტს, აღმასრულებელ საბჭოს და სარევიზიო კომისიას, ასევე, ცვლილებები შედის ასოციაციის წესდებაში. თითოეული ცვლილება, რომელიც ეხება ასოციაციის საქმიანობას, პირდაპირ აისახება საქართველოს მასშტაბით, ადგილობრივ თვითმმართველობებზე, რადგან  მოგეხსენებათ, ასოციაცია 2004 წლიდან მუშაობს თვითმმართველობების განვითარებისა და კოორდინაციის საკითხებზე და მისი როლი ამ პროცესში, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, ძალიან მნიშვნელოვანია. ამის ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ნაყოფიერი თანამშრომლობა ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თანამშრომლობის შედეგად, ასოციაცია კიდევ ერთ პროექტს იწყებს, რომლის განხორციელება 2023 წლამდე გასტანს.

„საუბარია პროექტზე – „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“, რომელშიც დედაქალაქთან ერთად, კიდევ 12 მუნიციპალიტეტია ჩართული. კერძოდ, ჩოხატაურის, ოზურგეთის, წყალტუბოს, ზესტაფონის, დედოფლისწყაროს, ბოლნისის, დმანისის, მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის, ონისა და ბორჯომის თვითმმართველი ერთეულები. აღნიშნული პროცესი თვითმმართველ ერთეულებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, რომ სოციალური ინკლუზიის, თანაბარი შესაძლებლობებისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიზნით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელონ. პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერას. ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე რეალური გავლენის მოხდენის მიზნით“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე, რომელსაც ასამბლეის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე გაუძღვა, დამსწრე საზოგადოებას ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, ევროპის საბჭოს კონგრესის ადგილობრივი ხელისუფლების პალატის პრეზიდენტმა ბერნდ ვიორინგერმა, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუამ და ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს გენერალურმა მდივანმა ფრანჩესკო როსიმ.

ამასთან, ღონისძიების ნაწილი საწესდებო საკითხებზე მსჯელობას დაეთმო, რაც ასოციაციის პრეზიდენტის, ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს არჩევასა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის​ (ათეა) წესდებაში შესატან ცვლილებებს გულისხმობს.

ღონისძიება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილმა დღეს პროტესტის ნიშნად დატოვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ სევდია უგრეხელიძის განცხადებით, მის გუნდს ასამბლეაზე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემებისა და სამომავლო გეგმების განხილვის საშუალება არ მიეცა. თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიცია მასთან შეხვედრებს შეგნებულად გაურბის.