სახელმწიფო აუდიტის სამსახური შუალედურ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს მიმართავს
სახელმწიფო აუდიტის სამსახური შუალედურ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს მიმართავს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოუწოდებს საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შუალედურ არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტს, დროულად წარმოადგინონ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი ინფორმაცია და უზრუნველყონ საარჩევნო შემოსავლებისა და ხარჯების გამჭვირვალობა.

„ინფორმაციის წარმოდგენისთვის დარჩენილია შემდეგი პერიოდები: 1-ლი მაისიდან 19 მაისის ჩათვლით, არაუგვიანეს 22 მაისისა; 20 მარტიდან (არჩევნების დანიშვნის დღიდან) 19 მაისის ჩათვლით – 6 ივნისამდე (იმ სუბიექტებისთვის, რომლებმაც წინასწარი მონაცემებით მიიღეს ხმების საჭირო რაოდენობა); არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში 20 მაისიდან მეორე ტურის კენჭისყრის დღის მდგომარეობით წარმოსადგენი იქნება ინფორმაცია სამი სამუშაო დღის ვადაში; არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე პერიოდის ჯამური ინფორმაცია – შედეგების გამოქვეყნებიდან ერთ თვეში“, – აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე პერიოდში ინფორმაციის წარმოუდგენლობის ან არასწორად წარმოდგენის გამო, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ექვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე მიმართა.

„ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული შემოწირულებების შესწავლის პროცესში შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილია ინფორმაცია მარტი-აპრილის თვეებში განხორციელებული 76 ფიზიკური პირის შემოწირულებაზე. ასევე, მიმდინარეობს შესწავლა რვა იურიდიული პირის მიერ განხორციელებული შემოწირულების კანონიერების შესახებ.

სამსახურმა 15-17 მაისის პერიოდში განახორციელა მონიტორინგი საქართველოს რვა საარჩევნო ოლქში. მონიტორინგის ფარგლებში შესწავლილია რამდენიმე საარჩევნო სუბიექტის ოფისებისა და სარეკლამო მასალების გამოყენების საკითხები. აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდება საარჩევნო სუბიექტების დეკლარაციებში და დარღვევის არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმოქმედებს კანონით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში“, – აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, საარჩევნო სუბიექტების მიერ დეკლარირებული ხარჯების გადამოწმების მიზნით, აუდიტის სამსახური სისტემატურად ახორციელებს ხარჯების შედარებას სუბიექტების საბანკო გადარიცხვებთან და საჯარო ინფორმაციის წყაროებთან.

„ამ ეტაპზე წინასაარჩევნო პერიოდში სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით ოფიციალური მომართვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არ შემოსულა.„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მონიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება: შეამოწმოს პარტიის საფინანსო დეკლარაციის სისრულე, სისწორე და კანონიერება; შეისწავლოს შემოწირულებების კანონშესაბამისობა; მოითხოვოს სუბიექტების ანგარიშები და უზრუნველყოს ინფორმაციის გამჭვირვალობა; შეისწავლოს საარჩევნო მიზნით საჩუქრის, მომსახურების მიღება/გადაცემის ან დაპირების საკითხი, თუ ქონების (მომსახურების) ან გარიგების ღირებულება არ აღემატება 100 ლარს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.