„რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრი“ აუდიტის სამსახურს მიმართავს, დაიწყოს მოკვლევა პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით უკანონო შემოწირულებების მიღებასთან დაკავშირებით
„რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრი“ აუდიტის სამსახურს მიმართავს, დაიწყოს მოკვლევა პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით უკანონო შემოწირულებების მიღებასთან დაკავშირებით

„რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ დამფუძნებელმა, დავით ჩიხელიძემ აუდიტის სამსახურს მიმართა, ოპერატიულ ვადებში შეისწავლონ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაციბის დაფინანსების რეგულირება. ცენტრის დამფუძნებლის, დავით ჩიხელიძის განცხადებით, ხდება პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით უკანონო შემოწირულებების მიღება. დავით ჩიხელიძე განმარტავს, რომ ეს სქემა გამოიყენება კანონმდებლობის გვერდის ავლით, პარტიების დაფინანსებისთვის როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე უცხოეთიდან.

„საუბარია არა მხოლოდ უკანონო შემოწირულებაზე, არამედ შემოწირულებებზე ისეთი ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, რომლებიც არ წარმოადგენენ „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. როგორც ჩანს, ეს საკმაოდ აპრობირებული სქემაა პარტიების დაფინანსების წესების გვერდის ავლისთვის, ამიტომ ვითხოვთ, შეისწავლონ აღნიშნული საკითხი, სხვა პარტიების  და ორგანიზაციების მონაცემებიც, მსგავსი დარღვევების გამოვლენის მიზნით.

ჩვენი აზრით, სახეზეა პარტიების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების გზით ისეთი მექანიზმების შექმნა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს პარტიებს, საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით მიიღონ არადეკლარირებული უკანონო შემოწირულება, განსაკუთრებით უცხოეთიდან, ვინაიდან კანონმდებლობით პარტიებს ეკრძალებათ უცხოური წყაროდან (უცხო ქვეყნის მოქალაქე ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი) თანხის მიღება. სავარაუდოდ, სწორედ ამ მექანიზმით ხდება პარტიების მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით პოლიტიკოსების და პარტიის თანამშრომლების უკანონო დაფინანსება.

ამასთან ერთად, აღნიშნული ყალბ ორგანიზაციებს აქვთ ასევე პოლიტიკური დანიშნულება. რიგ შემთხვევაში, ისინი გვევლინებიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებად, უფლებადამცველებად თუ არჩევნების დამკვირვებლებად და ვითომ მიუკერძოებელი ორგანიზაციის სახელით ხელს უწყობენ პარტიული პროპაგანდის დამკვიდრებას.

სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციების დღის წესრიგში ჭარბი დოზით არის პოლიტიკა, მათ აქვთ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი, უფრო მეტიც, ისინი ერთდროულად თავმჯდომარეობენ როგორც პოლიტიკურ პარტიას, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციას, რაც არათუ არასწორი, არამედ მახინჯი პრაქტიკაა“, – განაცხადა ჩიხელიძემ.

მისივე თქმით, მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტაცია, მათ შორის, ეხება შემდეგ პარტიებს: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ევროპული საქართველო“, „დროა“, „მოქალაქეები“, „ხალხისთვის“, „რესპუბლიკური პარტია“, „სტრატეგია აღმაშენებელი“.

„„ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ პარტიულ საქმიანობაში აქტიურად გამოიყენება ა(ა)იპ „ანტიკორუფციული ცენტრი“ (ს/ნ 404626749), რომლის დამფუძნებლები და ხელმძღვანელები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრები ვასო ურუშაძე („ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოს წევრი), ლაშა ფარულავა და ირაკლი ფავლენიშვილი. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა აღიარა, რომ ამ ორგანიზაციას აფინანსებდა დავით კეზერაშვილი. ვასო ურუშაძე და ლაშა ფარულავა ასევე არიან ა(ა)იპ „სამოქალაქო პლატფორმის“ 20/20 (ს/ნ 205295517) დამფუძნებლები და ხელმძღვანელები. ამასთან, ეს ის ორგანიზაციაა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების დროს ყალბ სადამკვირვებლო ორგანიზაციად იყენებს. აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ ანტიკორუფციული ცენტრის დაფუძნების დღესვე დამფუძნებლებმა რეესტრის ქართულენოვან ამონაწერთან ერთად აიღეს ამონაწერის ოფიციალური ინგლისური თარგმანი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზაციის შექმნა გათვლილი იყო უცხოური დაფინანსების მიღებაზე. ვასო ურუშაძე, ლაშა ფარულავა და ირაკლი ფავლენიშვილი ასევე არიან შემდეგი ა(ა)იპ-ების დამფუძნებელი და ხელმძღვანელები: ა(ა)იპ „ეკო ტრანსპორტ ცენტრი“ (ს/ნ 404950969), ა(ა)იპ „ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი“ (ს/ნ 205295517), ა(ა)იპ „ჰაბი საქართველო“ (ს/ნ 405154844), ა(ა)იპ „საზოგადოება სამართლებრივი სახელმწიფოსთვის“ (ს/ნ 405499198), ა(ა)იპ „ოცი ივნისი“ (ს/ნ 405476596).

„გირჩი – მეტი თავისუფლება“ – საჯაროდ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ  პარტიის ლიდერები მონაწილეობენ ა(ა)იპ „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის“ (ს/ნ 406351451) ღონისძიებებში. კერძოდ, ეს ორგანიზაცი აწყობს პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ე.წ. საზაფხულო ბანაკებს. ა(ა)იპ-ის  დამფუძნებლები და ხელმძღვანელი არიან თავად პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ დამფუძნებლები და პოლიტიკური საბჭოს წევრები მირიან ბეჟიტაშვილი და ანა ჩიქოვანი, თინათინ ბოლოკაძე. მირიან ბეჟიტაშვილი არის  ა(ა)იპ „საქართველოს ევროპული განვითარების ცენტრის“ (ს/ნ 406163921) და ა(ა)იპ „პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის“ (ს/ნ 404496381) დირექტორი.

„ევროპული საქართველო“ – უმეტეს პარტიულ აქტივობებს „ევროპული საქართველო“ ახორციელებს მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან ერთად. ა(ა)იპ „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება“ (ს/ნ 405409525), ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“ (ს/ნ 202463379), რომელთა დამფუძნებელი და ხელმძღვანელი არის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი; ა(ა)იპ „თავისუფლების ინსტიტუტი“ (ს/ნ 202218929), რომლის გამგეობის წევრი არის თამარ ჩერგოლეიშვილი; პარტიული ღონისძიებების თანაორგანიზატორად ასევე გამოდის „ტაბულა“. „ტაბულას“ საფირმო სახელწოდებით რეესტრში რეგისტრირებულია სამი შპს, რომლის დამფუძნებელიც და დირექტორიც არის თამარ ჩერგოლეიშვილი: შპს „ტაბულა მედია“ (ს/ნ 405336257), შპს „Tabula Advertising“ (ს/ნ 404948875) და შპს „ყოველკვირეული ანალიტიკური ჟურნალი ტაბულა“ (ს/ნ 202463529). აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციების მონაცემების ყოველი განახლებისას, რეესტრის ქართულენოვან ამონაწერთან ერთად, მოთხოვნილი არის ხოლმე  ოფიციალური ინგლისური თარგმანი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გათვლა არის უცხოური დაფინანსების მიღებაზე.

„დროა“ – პარტია დროას დამფუძნებლების და ლიდერების მიერ 2021 წელს დაფუძნდა ა(ა)იპ „მოძრაობა დროა“ (ს/ნ 404612601), რომელიც, პარტიის ლიდერის, ელენე ხოშტარიას აღიარებითვე, ჩართულია პარტიულ საქმიანობაში, მათ შორის საარჩევნო კამპანიაში. აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ „მოძრაობა დროას“ დაფუძნების დღესვე დამფუძნებლებმა რეესტრის ქართულენოვან ამონაწერთან ერთად აიღეს ამონაწერის ოფიციალური ინგლისური თარგმანი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზაციის შექმნა გათვლილი იყო უცხოური დაფინანსების მიღებაზე.

„ხალხისთვის“ – პარტია ხალხისთვის ლიდერი ანა დოლიძე პარტიულ ღონისძიებების უმეტესობას ატარებს ა(ა)იპ „პროგრესის ცენტრთან“ (ს/ნ 406223616) და ა(ა)იპ „ხალხისთვის“ (ს/ნ 406304770) მონაწილეობით. ანა დოლიძე არის ა(ა)იპ „ხალხისთვის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე, პარტია „ხალხისთვის“ სხვა ლიდერებთან ერთად. რაც შეეხება ა(ა)იპ პროგრესის ცენტრს, მართალია ანა დოლიძე ფორმალურად არ ფიქსირდება დამფუძნებლების ან ხელმძღვანელების სიაში, მაგრამ მისი კავშირი ამ ორგანიზაციასთან ორი გარემოებით დასტურდება: ორგანიზაციის იურიდიულ და ელფოსტის მისამართებად რეესტრში მითითბულია ანა დოლიძის საცხოვრებელი და ელფოსტის მისამართები. ამასთან, პარტია „ხალხისთვის“ და ა(ა)იპ „პროგრესის ცენტრი“ სისტემატურად მართავენ ერთობლივ პოლიტიკურ ღონისძიებებს. აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ „პროგრესის ცენტრის“ დაფუძნების დღესვე დამფუძნებლებმა რეესტრის ქართულენოვან ამონაწერთან ერთად აიღეს ამონაწერის ოფიციალური ინგლისური თარგმანი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზაციის შექმნა გათვლილი იყო უცხოური დაფინანსების მიღებაზე.

„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – პარტია „მოქალაქეებს“ დაფუძნებული აქვს ა(ა)იპ „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა“ (ს/ნ 405279407), რომლის დამფუძნებლები არიან პარტია მოქალაქეების ლიდერები ალექსანდრე ელისაშვილი, ლევან იოსელიანი, ცესკო-ს წევრი ივანე ნორაკიძე, სახალხო დამცველის მოადგილე ნათელა ჯულაყიძე. თავად ორგანიზაციის იურიდიულ და ელფოსტის მისამართად მითითებულია ალეკო ელისაშვილის მისამართი. აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ დაფუძნების დღესვე დამფუძნებლებმა რეესტრის ქართულენოვან ამონაწერთან ერთად აიღეს ამონაწერის ოფიციალური ინგლისურენოვანი თარგმანი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზაციის შექმნა გათვლილი იყო უცხოური დაფინანსების მიღებაზე.

„რესპუბლიკური პარტია“ – პარტიის ლიდერებს დაფუძნებული აქვთ ა(ა)იპ „რესპუბლიკური ინსტიტუტი“ (ს/ნ 204563374), რომლის თავმჯდომარეც არის პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – გიორგი ვაშაძის დაფუძნებულია ა(ა)იპ „ინოვაციების და განვითარების ფონდი“ (ს/ნ 405031059), რომლის დირექტორია გიორგი ვაშაძის მეუღლე ქეთევან სიჭინავა. სხვა პარტიების მსგავსად, აქაც ამონაწერის განახლებისას (ბოლოს 2021 წელს) რეესტრის ქართულენოვან ამონაწერთან ერთად მოთხოვნილია ამონაწერის ოფიციალური ინგლისურენოვანი თარგმანი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზაციის შექმნა გათვლილი იყო უცხოური დაფინანსების მიღებაზე. ასევე პარტიის ლიდერების, გიორგი ვაშაძის და სერგო ჩიხლაძის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გიორგი ვაშაძის მისამართზე დაფუძნებულია ა(ა)იპ „ონკოლოგიის მართვის ცენტრი“ (ს/ნ 405376123), რომლის დირექტორია სერგო ჩიხლაძე“, – აღნიშნა დავით ჩიხელიძემ.