საგურამოს მონასტრის წინამძღვარი - უწმინდესის მხრიდან მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელება ნიშნავს, რომ ისიც პატრიარქია
პატრიარქის სიტყვა არის ღვთის ნება. რადგან მისმა უწმინდესობამ ბრძანა და მეუფე შიო მოსაყდრედ დაასახელა, ეს იმას ნიშნავს, რომ ისიც პატრიარქია, ანუ ორი პატრიარქი გვყავს დღეს, – ამის შესახებ საგურამოს მონასტრის წინამძღვარმა მამა ტარიელმა პირველ არხს განუცხადა.
საგურამოს მონასტრის წინამძღვარი და საპატრიარქოში ერთ-ერთი გავლენიანი სასულიერო პირი თვლის, რომ პატრიარქის დღევანდელი განცხადება მომავალი პატრიარქის დასახელებას ნიშნავს. მამა ტარიელის თქმით, ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ დაპირისპირება იქნას თავიდან აცილებული.
“მიზეზი არ ვიცი, მაგრამ მიზანი არის კეთილდღეობა, მშვიდობა. ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს მისი უწმინდესობა, მაგრამ ისე მოხდება გადასვლა ერთი პატრიარქიდან მეორეზე, რომ ამას ადამიანები სიმშვიდით და სიყვარულით მიიღებენ. მისმა უწმინდესობამ იფიქრა, რომ ეს საქართველოსთვის იქნება კარგი, მშვიდი, დაპირისპირების გარეშე”, – აღნიშნა მამა ტარიელმა.
შეგახსენებთ, ქაშვეთში, გიორგობისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვის დაწყების წინ ილია მეორემ წაიკითხა ბრძანება, რომლის თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი, მეუფე შიო დაასახელა.