საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ეკონომიკაში დადებითი ტენდენციების გამო, ასევე საგარეო ვალის შემცირების მიზნით, მიზანშეწონილად არ ჩაითვალა ამ ეტაპისთვის ევროკავშირიდან სესხის აღება
საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ეკონომიკაში დადებითი ტენდენციების გამო, ასევე საგარეო ვალის შემცირების მიზნით, მიზანშეწონილად არ ჩაითვალა ამ ეტაპისთვის ევროკავშირიდან სესხის აღება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თეიმურაზ ჯანჯალიას განცხადებით, საქართველო ერთგული რჩება იმ კურსის, რომელიც არის ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

„ეს ასახული არის მრავალ დოკუმენტში, რაც მთავარია, ქვეყნის ძირითად კანონში, საქართველოს კონსტიტუციაში, სადაც ნათლადაა ასახული, რომ საქართველოს პრიორიტეტი, საქართველოს აუცილებელი პირობაა, გახდეს ევროპული, ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. ამისთვის ჩვენ ძალიან ბევრს ვშრომობთ, ვმუშაობთ, შესაბამისად, ვახორციელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც გვაახლოებს ამ მიზნებთან. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომლის იმპლემენტაციაც ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის სწორედ ის დოკუმენტი, რომლითაც ჩვენს კანონმდებლობას, ჩვენს რეგულაციებს, ჩვენს ცხოვრების წესს ვაახლოებთ ევროპული ცხოვრების წესთან. სწორედ ეს არის ის, რაც განსაზღვრავს ჩვენს დღევანდელ ქმედებებს, იქნება ეს ევროპელ პარტნიორებთან, თუ სხვა საერთაშორისო აქტორებთან ურთიერთობა“, – აღნიშნა თეიმურაზ ჯანჯალიამ.

რაც შეეხება ვროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებას, თეიმურაზ ჯანჯალიას განმარტებით, იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს ეკონომიკაში არის დადებითი ტენდენციები, მიზანშეწონილად ჩაითვალა, ამ ეტაპისთვის არ მოხდეს სესხის აღება.

„რაც შეეხება დღევანდელ განცხადებას, ეს არის თემა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ უკვე შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები და ის ეხება კონკრეტულ სესხსს, რომლის მეორე ნაწილიც ჩვენ უნდა მიგვეღო ამ პერიოდისათვის, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ეკონომიკაში არის ძალიან დადებითი ტენდენციები და ქვეყანაში ხდება გარკვეული დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზება, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ ამ სესხის აღება არ მოხდეს ამ ეტაპისთვის ქვეყნის მიზანია, შეამციროს საგარეო ვალი და ნაკლებად იყოს დამოკიდებული იმ ფინანსურ რესუსრსებზე, რომელიც შემოედინება ქვეყნის გარედან. როგორც ვიცით, ეს შეთანხმება გაფორმებული იქნა რამდენიმე წლის წინ და მოიცავდა როგორც საგრანტო, ასევე სასესხო პირობებს.

პრაქტიკულად, ამ ეტაპისთვის საგრანტო პირობები იქნა ამოწურული და მხოლოდ სასესხო პირობები იქნა შენარჩუნებული. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც უარი ითქვა ამ სესხზე, იყოს ის, რომ მიზანშეწონილად არ ჩაითვალა, დამატებით მიგვეღო გარკვეული ფინანსური რესურსი სესხის სახით“, – აღნიშნა თეიმურაზ ჯანჯალიამ.

ამასთან, თეიმურაზ ჯანჯალია აცხადებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებები აქტიურად ხორციელდება.

„რაც შეეხება განმარტებებს იმის თაობაზე, თითქოს რეფორმების განუხორციელებლობის გამო მოხდა ამ სესხის შეჩერება, შემიძლია, გითხრათ, რომ ის ვალდებულებები, რაც ჩვენ ავიღეთ, კონკრეტულად შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად, აქტიურად ხორციელდება. ვიცით, რომ თუნდაც სასამართლო რეფორმის თაობაზე განხორციელდა ოთხი ტალღა რეფორმებისა, რომელმაც მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე და ეს არ გაჩერებულა, არ დასრულებულა.

უნდა გავუსვათ ხაზი ამას, რეფორმები გრძელდება და ამ რეფორმების შესაბამისად, 2022 წლის გაზაფხულისთვის ჩვენ უნდა გვქონდეს უკვე სრულყოფილი სისტემა, რომელზეც მოვილაპარაკეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რა ვალდებულებებიც ავიღეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, მათ შორის შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად. ამასთან, უნდა აღინიშნოს, მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან იმის თაობაზე, რომ მომავალი კვირიდან მოხდება განხილვა დამატებით იმ საკითხებისა, რომლებიც მოცული არის შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში. ეს მართლაც მნიშვნელოვანი თემებია, რომელიც მოიცავს საკონსტიტუციო ცვლილებებს და ამისთვის საჭიროა, მთელი პოლიტიკური სპექტრი მობილიზებული იქნას“, – განაცხადა თეიმურაზ ჯანჯალიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მადლიერი არიან ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რაც მათ შორის კოვიდპანდემიის მართვის დროს გაუწიეს ქვეყანას. ამასთან, პრემიერის თქმით, წელს დაიწყეს საგარეო ვალის შემცირება, რის გამოც მაღალი ალბათობით, ევროკავშირიდან სესხის სახით თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება.

საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ჯულიენ კრამპმა აღნიშნა, საქართველომ ვერ შეძლო დახმარების მიღების პირობის საკმარისად შესრულება. მისივე თქმით, ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები.