ბელარუსის საგარეო უწყება - ბელარუსში რუსეთის ბირთვული ქობინების განლაგება მათზე კონტროლის მინსკისთვის გადაცემის გარეშე, არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას, ნატო-ც ამგვარად მოქმედებს
ბელარუსის საგარეო უწყება - ბელარუსში რუსეთის ბირთვული ქობინების განლაგება მათზე კონტროლის მინსკისთვის გადაცემის გარეშე, არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას, ნატო-ც ამგვარად მოქმედებს

რუსეთის ფედერაციის ბირთვული ქობინების განლაგება ბელარუსის ტერიტორიაზე, მათზე კონტროლის მინსკისთვის გადაცემის გარეშე, არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას, ნატო-ც ამგვარად მოქმედებს, – ამის შესახებ აღნიშნულია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მინსკში აცხადებენ, რომ ბელარუსი ზარალს განიცდის სანქციებისგან, ზეწოლისგან და დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევისგან.

ბელარუსის საგარეო უწყების განცხადებით, ეს არ არის სიახლე არაბირთვულ და ბირთვულ სახელმწიფოებს შორის სამხედრო თანამშრომლობის სფეროში, რაც მიუთითებს ნატო-ს „ერთობლივი ბირთვული მისიების“ პრაქტიკაზე.

„ამ გარემოებებისა და მათგან გამომდინარე, ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული კანონიერი შეშფოთებისა და რისკების გათვალისწინებით, ბელარუსი ახორციელებს იძულებით საპასუხო მოქმედებებს საკუთარი უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ნატო-ს ევროპული წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ინახება აშშ-ის 150-ზე მეტი ტაქტიკური ბირთვული იარაღი, მათი შესაძლო გამოყენებისთვის მომზადებულია 250-ზე მეტი თვითმფრინავი“, – აღნიშნულია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.