საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ახლანდელი ვიზიტების საორგანიზაციო საკითხებში საელჩოები არ არიან ჩართული
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ახლანდელი ვიზიტების საორგანიზაციო და ლოგისტიკურ საკითხებში საელჩოები არ არიან ჩართული.
„გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ვიზიტები არ ხორციელდება მთავრობასთან კოორდინაციით, საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ არ არიან ჩართული ვიზიტების საორგანიზაციო და ლოგისტიკურ საკითხებში“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ხვდება. შეხვედრის ამსახველი ფოტო სალომე ზურაბიშვილმა თავდაპირველად სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა, თუმცა მოგვიანებით ფოტო წაიშალა. მასალა ამჟამად მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის „ფეისბუქის“ ე.წ. სთორიზე და „ინსტაგრამზე“ იძებნება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია.
30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება. მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ სალომე ზურაბიშვილისთვის სამუშაო ვიზიტებზე უარის თქმასთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი გერმანიაში ვიზიტზე. ასევე, განცხადებაში საუბარია სხვა სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებითაც, რომლებზეც პრეზიდენტს უარი ეთქვა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს „ქართულ ოცნებაში“ გაკეთდა კომენტარი. მმართველ გუნდში აღნიშნეს, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რაზეც საჭიროა რეაგირება.