საგანმანათლებლო პროექტ „ტელესკოლასთან“ დაკავშირებით „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება მომზადდა
საგანმანათლებლო პროექტ „ტელესკოლასთან“ დაკავშირებით „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება მომზადდა

საგანმანათლებლო პროექტ „ტელესკოლასთან“ დაკავშირებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება შევა. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ცვლილება შედის კანონის იმ ნორმაში, რომელიც კრძალავს ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსებას, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვას და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირ ან ირიბ დაფინანსებას, ან თანადაფინანსებას. კანონს დაემატება დამატებითი გამონაკლისი და ეს აკრძალვა არ გავრცელდება საგანმანათლებლო და კულტურული ხასიათის პროგრამებზე.

„როგორც ცნობილია, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეჩერდა სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში და მისი განხორციელება დაშვებულ იქნა მხოლოდ დისტანციურად, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ზოგადი განათლების მიწოდების ერთ-ერთ საშუალებად ამ პერიოდში დანერგილ იქნა საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი თანამშრომლობით წარმატებით განხორციელდა და დადებითი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდგომ პერიოდში პროექტ „ტელესკოლისა“ და სხვა მსგავსი საგანმანათლებლო, ასევე კულტურული გადაცემების საზოგადოებისათვის მისაწოდებლად, მნიშვნელოვანია მაუწყებლისა და განათლების სამინისტროს თანამშრომლობა, ხოლო ამისთვის აუცილებელია საკანონმდებლო საფუძვლების გაწერა (მათ შორის, საკანონმდებლო ბარიერების აღმოფხვრა). ვინაიდან „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა კონკრეტული გამონაკლისებისა. იმისთვის, რომ მაუწყებლის მიერ საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდება განხორციელდეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობითა და ხელშეწყობით, აუცილებელია დამატებითი გამონაკლისის განსაზღვრა და დასახელებული შეზღუდვა არ გავრცელდეს ამ ტიპის პროგრამების გაშვების შემთხვევებში“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

ცვლილებების ავტორი განათლების სამინისტროა, ინიციატორი – მთავრობა.