კახა ბექაური – ტელევიზიების ბოლო ხუთი წლის ჯარიმების რაოდენობა ადასტურებს, რომ კომუნიკაციების კომისიის კრიტიკა უსაფუძვლოა, კრიტიკა მაუწყებლობის კანონის აღსრულებას ვერ შეაფერხებს

00:31, 22.01.2026

ტელევიზიების ბოლო ხუთი წლის ჯარიმების რაოდენობა ადასტურებს, რომ კომუნიკაციების კომისიის კრიტიკა უსაფუძვლოა, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებულ კრიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბექაურმა აღნიშნა, ამ პერიოდის განმავლობაში კომისიამ „იმედს“ ექვსი წერილობითი გაფრთხილება და ხუთი ფინანსური ჯარიმა დააკისრა; ტელეკომპანია „პირველს“ ექვსი გაფრთხილება და ერთი ფინანსური ჯარიმა ჰქონდა; „მთავარ არხს“ ექვსი გაფრთხილება და ხუთი ჯარიმა დაეკისრა, „რუსთავი 2“-მა კი ოთხი გაფრთხილება და ოთხი ჯარიმა მიიღო; „ფორმულას“ რვა წერილობითი გაფრთხილება და ორი ფინანსური ჯარიმა უფიქსირდება; „პოსტივის“ კი ორი გაფრთხილება აქვს.

მისივე თქმით, ფაქტები ნათლად აჩვენებს, რომ კომუნიკაციების კომისიის მიზანი არა მაუწყებლების დასჯა, არამედ დარღვევების პრევენცია, სტანდარტის ამაღლება და მაყურებლების ინტერესების დაცვაა, რაზეც ბოლო წლებში მაუწყებლებისთვის დაკისრებული ჯარიმების მინიმალური ოდენობა და სტატისტიკა ნათლად მეტყველებს.

„ეს კანონი სრულად ევროპულია და ზუსტად ბრიტანული კანონის ანალოგია. კრიტიკა და თავდასხმები, რომელიც აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს მოჰყვა, გარკვეულ ჯგუფებს პოლიტიკური მოსაზრებებისთვის სჭირდებოდათ, ვინაიდან ეს ბრალდებები და კრიტიკა არასამართლიანია. მეტსაც გეტყვით, ჩვენ ამ კანონის აღსრულება, როგორც იცით, უკვე დავიწყეთ და 11 საჩივარი უკვე განვიხილეთ, სამი საჩივარი მიმდინარეა. ამ 11 საჩივრიდან ნახევარი არის ზუსტად იმათ მხრიდან შემოტანილი, ვინც ცხრა თვის წინ კანონის მიღებისას ჩვენ და პარლამენტს გვაკრიტიკებდა და იძახდა, რომ ცუდია, ისინი დღეს თავად სარგებლობენ ამ სიკეთით“, – განაცხადა ბექაურმა.

ბექაურის განცხადებით, კომისიის მიმართ უსაფუძვლო კრიტიკა მაუწყებლობის კანონის აღსრულებას ვერ შეაფერხებს.

„ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ და ძალიან კარგი პრაქტიკა მივიღეთ არა მხოლოდ ამ საჩივრებზე, არამედ შევისწავლეთ ევროპის საუკეთესო პრაქტიკა, მათ შორის ბრიტანეთის, ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელს (Ofcom) პრაქტიკა, კომისიის აპარატმა გაარჩია ყველა ის მნიშვნელოვანი ქეისი, რომელიც მსგავსი შინაარსობრივი ტიპის დარღვევებს ეხებოდა და Ofcom-ს აქვს მრავალი გადაწყვეტილება მიღებული. ამიტომ, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ კომისიის აპარატი კომპეტენციით სრულიად მზად არის და უკვე რეალურად ახორციელებს ამ კანონის აღსრულებას და ჩემი რწმენა და იმედიც არის ის, რომ ჩვენ, ყველანი მალე ვნახავთ, რამდენიმე თვე დასჭირდება მხოლოდ და მაყურებელი ამას ძალიან მალე შეამჩნევს, რომ ფაქტზე დაფუძნებული ამბები და ფაქტის გამიჯვნა მოსაზრებისგან – ეს ყველაფერი მედიასივრცეში ძალიან მალე ჩაანაცვლებს დეზინფორმაციასა და ყალბ ინფორმაციას“, – აღნიშნა კახა ბექაურმა.

წამყვანის კითხვაზე, თუ რა ეტაპზეა კომუნიკაციების კომისია კანონის აღსრულების თვალსაზრისით, კახა ბექაურმა განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესი 2025 წლის აპრილში დაიწყო და უკვე ცხრა თვეა, კომისიის ყველა შესაბამისი დეპარტამენტი და თანამშრომელი მუშაობს იმაზე, რომ კანონი ეფექტიანად და მაღალი სტანდარტით აღსრულდეს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მსგავსი