საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი - „ლეოგრანდში“ კიბე სახანძრო უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც ვერ აკმაყოფილებდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი - „ლეოგრანდში“ კიბე სახანძრო უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც ვერ აკმაყოფილებდა

წინასწარი მონაცემებით, სასტუმრო „ლეოგრანდში“ არსებული კიბე სახანძრო უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებდა, – ასე პასუხობს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ სირაძემ კითხვას, იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული სასტუმროში და არსებობდა თუ არა საევაკუაციო კიბე.

მისი თქმით, საგანგებო სიტუაციების დროს ამ კიბის გამოყენება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო.

„მოგეხსენებათ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება 243-ე მუხლით, წინასწარი მონაცემებით, კიბე რომელიც შენობაშია, ვერ აკმაყოფილებდა სახანძრო უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც კი, შესაბამისად, საგანგებო სიტუაციის დროს მისი გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო“, – განაცხადა ნიკოლოზ სირაძემ.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.