საბერძნეთის ორი მოქალაქე საქართველოში მიწების გასხვისებაზე შეზღუდვის გაუქმებას ითხოვს
საბერძნეთის ორი მოქალაქე საქართველოში მიწების გასხვისებაზე შეზღუდვის გაუქმებას ითხოვს

საქართველოდან საბერძნეთში საცხოვრებლად გადასული მოქალაქეები საქართველოში მემკვიდრეობის დაკანონების უფლებას ითხოვენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განმწესრიგებელ სხდომაზე იმსჯელებს, მიიღებს თუ არა წარმოებაში ორი ბერძენი მოქალაქის, პროკოპი სავვიდისა და დიანა შამანიდის სარჩელს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. საბერძნეთის მოქალაქეები იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ, რომლის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრებაში გადაცემაზე მორატორიუმია გამოცხადებული.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმით იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების შეძენისა და მემკვიდრეობით მიღების უფლება. მოსარჩელეების მტკიცებით, ისინი წარსულში იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და საქართველოსთან, როგორც სამშობლოსთან, ძლიერი ემოციური კავშირი აქვთ. შესაბამისად, მათ სურთ, დაირეგისტრირონ მემკვიდრეობით უკვე მიღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, აგრეთვე, მომავალშიც შეიძინონ ახალი ქონება საქართველოში.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების შეზღუდვის ნორმა საკონსტიტუციო სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების სარჩელების საფუძველზე არაკონსტიტუციურად ორჯერ – 2012 და 2014 წლებში ცნო, თუმცა 2017 წელს საქართველოს პარლამენტმა, მოსარჩელეების შეფასებით, უკვე ძალადაკარგული ნორმების იდენტური შინაარსის კანონი მიიღო, ამიტომ ისინი შუამდგომლობენ, რომ ნორმა საქმის არსებითად განხილვის გარეშე გამოცხადდეს ძალადაკარგულად.