სოფელ ზეღდულეთში ადგილობრივები მიწის ფართობის გასხვისებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას მართავენ
სოფელ ზეღდულეთში ადგილობრივები მიწის ფართობის გასხვისებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას მართავენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში ადგილობრივები მიწის ფართობის გასხვისებას აპროტესტებენ. მოსახლეობა საძოვრების სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელს სხვა საძოვარი არ აქვს და ამ ფართობის დამუშავების საშუალებას არავის მისცემენ.

მოსახლეობის თქმით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ვითარებაში გარკვევისთვის ათდღიანი ვადა ითხოვა, რომელიც დღეს ამოიწურა.

აქციის მონაწილეებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი შეხვდა. კობა ბერიანიძე აცხადებს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

„სამართლებრივად დოკუმენტი არ გვიჭირავს, გავლილია იურიდიულად, შესწავლილია. გარდა მოლაპარაკებისა, სამართლებრივად სხვა დოკუმენტი არ გვაქვს, რომ ეს მიწა უკან გამოვითხოვოთ. მიმდინარეობს მოლაპარაკება და კონკრეტულად 10 დღე იქნება, თუ 11, მნიშვნელობა არ აქვს. მე გეუბნებით, რომ იქ მიწა ვერ მოიხვნება, ვიდრე მოლაპარაკება არ დასრულდება“, – განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას კობა ბერიანიძემ.

სოფელში აქცია ათი დღის წინაც გაიმართა. აქციის მონაწილეები მაგისტრალის გადაკეტვას აპირებდნენ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც ხმაური მოჰყვა.

საუბარია სოფელ ზედღულეთში არსებულ 75 ჰექტარ მიწის ფართობზე, საიდანაც 50 ჰექტარი კერძო მესაკუთრისაა, 25 ჰექტარი კი შპს „ფუდლენდის“ საკუთრებაშია. ზეღდულეთის მოსახლეობა ამბობს, რომ მიწა ჯერ კიდევ 2009 წელს გასხვისდა ინდოეთის მოქალაქეებზე. მათივე თქმით, აღნიშნული ფართობის ნაწილი კერძო პირმა რამდენიმე თვის წინ გამოისყიდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ფართობის მფლობელი მოსახლეობას დასაქმებასთან ერთად, სოფლის საკუთრებაში ტრაქტორის გადაცემას სთავაზობს, თუმცა ამაზე არ თანხმდებიან, რადგან, როგორც მოსახლეობა განმარტავს, წლებია, ფართობს საძოვრებად იყენებენ.