სოფელ ზეღდულეთში ადგილობრივებმა მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს
სოფელ ზეღდულეთში ადგილობრივებმა მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში, სადაც ადგილობრივები მიწის ფართობის გასხვისებას აპროტესტებენ, ხმაურია.

აქციის მონაწილეები მაგისტრალის გადაკეტვას აპირებდნენ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, მოსახლეობა საძოვრების სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვს.

აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. როგორც შიდა ქართლის გუბერნატორმა ვალერიან მჭედლიძემ განაცხადა, მიმდინარეობს მოლაპარაკება მიწის მფლობელთან და მოსახლეობასთან, რომ ორივე მხარე შეთანხმებამდე მივიდეს.

„ათ დღეში ეს საკითხი ვერ მოგვარდებოდა. ჩვენ მივეცით მოსახლეობას პირობა, ბუნებრივია, მიწის მფლობელთან მოლაპარაკების შემდეგ, რომ ეს მიწა არ მოიხვნება, ვიდრე მოლაპარაკებები არ დასრულდება. მიწის ფართობი 2008 წელს გაიყიდა. რთული იურიდიული საკითხია. ერთ მხარეს დგას ხალხი, სოფლის ინტერესები და მეორე მხარეს კეთილსინდისიერი მყიდველი“, – განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას შიდა ქართლის გუბერნატორმა.

ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ პროტესტს იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე მიწა, რომელსაც საძოვრებისთვის იყენებდნენ, სოფელს არ დაუბრუნდება.