რუსული მედიის ინფორმაციით, ქერჩის სრუტეში სამოქალაქო გემების გადაადგილება აკრძალულია. ამის მიზეზად რუსული მხარე უკრაინისგან მოსალოდნელ პროვოკაციებს ასახელებს.
პარალელურად, „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, რომ ქერჩის სრუტისკენ მიმავალი უკრაინული გემების შესაჩერებლად რუსეთმა სამხედრო ვერტმფრენები გააგზავნა. მანამდე კი რუსული მედია წერდა, რომ ქერჩის სრუტისკენ დაიძრა კიდევ ორი უკრაინული სამხედრო კატერი.
შეგახსენებთ, დღეს დილით რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ სამმა უკრაინულმა ხომალდმა რუსეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. თავის მხრივ კიევში ამტკიცებენ, რომ რუსეთი უკრაინული ხომალდების ოდესიდან მარიუპოლში გადაადგილების შესახებ გაფრთხილებული იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, რუსული ხომალდი მაინც დაესხა თავს უკრაინულ ბუქსირს, რომელსაც თან ორი დაჯავშნული კატერი ახლდა.