მედიის ცნობით, რუსეთმა უკრაინელი მეზღვაურები, რეჟისორი ოლეგ სენცოვი და კიდევ რამდენიმე პატიმარი კიევს გადასცა
მედიის ცნობით, რუსეთმა უკრაინელი მეზღვაურები, რეჟისორი ოლეგ სენცოვი და კიდევ რამდენიმე პატიმარი კიევს გადასცა

უკრაინული და რუსული მედია ავრცელებს ცნობას, რომ ქერჩის სრუტეში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები, რეჟისორი ოლეგ სენცოვი და სხვა პატიმრები რუსეთიდან კიევში ჩაიყვანეს. როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლის პროცესი დასრულდა.

ინფორმაციას საკუთარ ფეისბუქგვერდზე ადასტურებს უკრაინის ახალი გენერალური პროკურორი რუსლან რიაბოშაპკაც.

„უკრაინელი მეზღვაურები, ოლეგ სენცოვი, ნიკოლაი კარპიუკი, ვლადიმირ ბელუხი, პაველ გრიბი სახლში მიფრინავენ“, – ნათქვამია სოციალურ ქსელში განთავსებულ განცხადებაში.

„ეხო მოსკვის“ მთავარი რედაქტორი ალექსანდრ ვენედიქტოვი წერს, რომ რუსეთიდან კიევში პატიმრები თვითმფრინავით გვიან ღამით ჩაიყვანეს.

ვინ გაათავისუფლა უკრაინულმა მხარემ, ჯერ უცნობია. რუსეთში ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.