რუსუდან გოცირიძე - თუ ჩვენ ქვეყანაში რამე საფრთხე არსებობს, მსგავსი კანონები და რეპრესიული მეთოდები ხელს არაფერს შეუწყობს, თუ მდგომარეობას არ დაამძიმებს
„შარლი ებდოს“ ტრაგედიის შემდეგ, საფრანგეთს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონი რედაქციის წინააღმდეგ არ გამოუყენებია იმის მიუხედავად, რომ მანამდე „შარლი ებდო“ თავისი პუბლიკაციების გამო არაერთხელ იყო დაჯარიმებული, – განაცხადა საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„სახელმწიფოს წყალი მოძალადის წისქვილზე არ დაუსხამს. ასეთი შემთხვევებისგან დაზღვეული არც ისეთი დაცული ქვეყნები არ არის, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, ან ავსტრია და რა თქმა უნდა, არც ჩვენი ქვეყანა. მსგავსი კანონი ასეთ შემთხვევებს თავიდან ნამდვილად ვერ აგვარიდებს და თუ ჩვენ ქვეყანაში რამე საფრთხე არსებობს, მსგავსი კანონები და რეპრესიული მეთოდები ხელს არაფერს შეუწყობს, თუ მდგომარეობას არ დაამძიმებს“, – განაცხადა გოცირიძემ.
ამ განცხადებით რუსუდან გოცირიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად მწვავედ დგას საქართველოში პრობლემა და შესაძლებელია თუ არა, ჩვენ ქვეყანაში 2015 წელს საფრანგეთში დატრიალებული ტრაგედიის მსგავსი რამ მოხდეს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებით, კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებზე იმსჯელებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება კომიტეტში „სისხლის სამართლის კოდექსში“ ემზარ კვიციანის მიერ მომზადებული ცვლილებების განხილვისას მიიღეს. ცვლილებებით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ საჯარო გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რომელიც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, დაისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.
ამას გარდა, კანონპროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, ჯარიმით ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.