რუსუდან გოცირიძე - საქართველოში რელიგიურ თემატიკაზე საკითხები თანასწორ პლატფორმაზე ჩართულობით უნდა გადაწყდეს
რუსუდან გოცირიძე - საქართველოში რელიგიურ თემატიკაზე საკითხები თანასწორ პლატფორმაზე ჩართულობით უნდა გადაწყდეს

საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო და სხვა დონეებზე იმ საკითხების გადაწყვეტა, რომელიც საქართველოში რელიგიურ თემატიკას ეხება, თანასწორ პლატფორმაზე ჩართულობით უნდა ხდებოდეს.

რუსუდან გოცირიძემ კონფესიების წინაშე არსებულ გამოწვევებზე სამუშაო ჯგუფის დასრულების შემდეგ ისაუბრა, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში დღეს გაიმართა.

„არასახარბიელო გამოცდილება გვაქვს, როცა გავიღვიძებთ და მედიის საშუალებით ვიგებთ, რომ რაღაც საოცარი ინიციატივა არსებობს, რომელზეც არც გვიმსჯელია, არც თანახმა ვყოფილვართ და არც გვსმენია. ეს ერთ-ერთი ის საკითხი იყო, რაც გვინდოდა და პარლამენტის კმაყოფილი ვართ, რომ ეს პროცესი დაიწყო.

ჩვენი მოთხოვნა და სურვილია, საუბარი რაც შეიძლება ნაკლებ რეგულაციებზე, შეზღუდვებზე იყოს და ისეთ საშიშ კანონმდებლობაზე არ იყოს ფიქრი, რითაც შემდეგ დანაღმულ ველზე უნდა ვიაროთ, რომ მისი გამოყენება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ არ მოხდეს. წლების განმავლობაში, როგორც კი სახელმწიფო რელიგიური პრობლემების მოგვარებაზე იწყებს საუბარს, იმ წამსვე, მსჯელობას რეგულაციებსა და შეზღუდვებზე იწყებენ, რაც დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებაზე პირდაპირი დარტყმაა. ჩვენი მიზანია, სახელმწიფომ იზრუნოს არა შეზღუდვებზე, რაღაც აკრძალვებსა და საშიშ ველზე, არამედ თანასწორობაზე“, – განაცხადა გოცირიძემ.

რელიგიურ თემატიკაზე სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა დღეს გაიმართა, სამუშაო ჯგუფი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა შექმნა.