გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, პატიმრობიდან გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას საქმე რუსთავის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.
მტკიცებულებების ამოწურვის შემდეგ, მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.
ადვოკატის განცხადებით, პროცესს დაესწრება გიორგი ჭანტურიაც.
როგორც გიორგი ჭანტურიას ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აღნიშნავს, ფაქტი, რომ ბრალდების მხარეს მტკიცებულების გამოკვლევა არ დაუსრულებია, მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე მიუთითებს.
„გაგრძელდება პროცესი, სადაც მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება. მტკიცებულებების ამოწურვის შემდეგ უკვე მოხდება დასკვნითი სიტყვების წარმოთქმა. გიორგი ჭანტურიას მოუწევს, ამ შემთხვევაში არა თუ პენიტენციური დაწესებულებიდან სიარული, არამედ სახლიდან. ბრალდების მხარემ გაუშვა ის ცხრათვიანი ვადა, როდესაც მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა დაესრულებინა, მაგრამ ვერ დაასრულა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჭანტურიას დანაშაული არ ჩაუდენია“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია, ცხრათვიანი პატიმრობის შემდეგ, გლდანის ციხიდან გათავისუფლდა. მას 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და გათავისუფლების შემდეგ გარკვეული შეზღუდვები დაუწესდა. კერძოდ, მისი ადვოკატის ინფორმაციით, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ქუთათელაძე ვალდებულია სახლში იყოს 22:00 საათიდან დილის 07:00-მდე.