გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარე გაასაჩივრებს
გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარე გაასაჩივრებს

მსჯავრდებულ გიორგი ჭანტურიას ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას იარაღის ნაწილში გაასაჩივრებს.

როგორც ბექა ბასილაიამ განაცხადა, გიორგი ჭანტურიას უმძიმესი ბრალი ჰქონდა წარდგენილი, რაშიც ის გამართლდა. ბასილაიას თქმით, ჭანტურია არ აღიარებს ასევე იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ქონასაც, რასაც დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

„მოსამართლემ მადონა მაისურაძემ მიიღო ძალიან მნიშვნელოჩვანი გადაწყვეტილება. გიორგი ჭანტურია ცნო უდანაშაულოდ სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში. ჩვენ იმთავითვე ვაცხადებდით, რომ გიორგი ჭანტურიას არ აქვს ეს დანაშაული ჩადენილი და რომ მის მიმართ ფალსიფიცირებული მტკიცებულებების გზით ცდილობდა პროკურატურა და შსს ბრალდების დამტკიცებას. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში არის ძალიან მნიშვნელოვანი დაცვის მხარისთვის. ეს იყო უმძიმესი ბრალდება და ამ უმძიმეს ბრალდებაში ჭანტურიას გამართლება არის სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერი გადაწყვეტილება. რაც შეეხება განაჩენის მეორე ნაწილს, რომელიც შეეხება სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებას, ამ ნაწილში დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში საჩივარს წარადგენს“, – განაცხადა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.

სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს პროურატურაც. პროკურორ ლევან ჯალაღანიას თქმით, მტკიცებულებები ადასტურებენ, რომ სამსონ ქუთათელაძე მოკლა გიორგი ჭანტურიამ.

„ბრალდების მხარეს მიაჩნდა და დღესაც მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ, რომ სამსონ ქუთათელაძე მოკლა გიორგი ჭანტურიამ. თუმცა პირველმა ინსტანციის სასამართლომ აღნიშნულ ეპიზოდში გაამართლა ბრალდებული. ბრალდების მხარე შეეცდება, კანონით დადგენილ ვადაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს. ბრალდებულის ძალისხმევით საქმეში არ არსებობდა მკვლელობის იარაღი. საქმეში არის მოწმეთა ჩვენებები, რომლებმაც დაინახეს, უკანასკნელად როგორ შევიდა ბაზრობის ადმინისტრაციაში სამსონ ქუთათელაძე გიორგი ჭანტურიასთან ერთად. შემდგომ კი დაინახეს მოწმეებმა, თუ როგორ გამოვიდა ბრალდებული და დატოვა შემთხვევის ადგილი მანქანით. არის მოწმეთა ჩვენებები, თუ როგორ დაინახეს ბრალდებული როგორ გამოვიდა და ხელში ეკავა იარაღი. ამის გარდა იყო ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანდა, რომ ბრალდებულს მკვლელობამდე ეცვა სხვა ტანისამოსი, შემდეგ გამოიცვალა და გადამალა ტანისამოსი მკვლელობის იარაღთან ერთად. მოტივთან დაკავშირებით მოწმეები ადასტურებენ, რომ მას გააჩნდა ანგარებითი მოტივი. სწორედ ეს დაედო საფუძვლად შურისძიების მოტივით ჩადენილ დანაშაულს“, – განაცხადა პროკურორმა, ირაკლი ჯალაღანიამ.

სასამართლომ გიორგი ჭანტურია სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ნაწილში უდანაშაულოდ ცნო, იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის კი, ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა.